|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩამოდი ბაღდათში!"- მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების ახალი კონცეფცია შეიქმნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების საფინალო ეტაპზე, ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ახალი კონცეფცია წარადგინეს. შეხვედრებში, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ბაღდათის და მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

პოლონელმა სტუმრებმა კოლეგებს კოსტრჟინის საერთაშორისო ტურისტული განვითარების მაგალითი წარუდგინეს, საერთაშორისო სტანდარტები და გლობალურ ტურისტულ ბაზარზე მოხვედრის გამოწვევები გააცნეს. აქტიური განხილვა და რეკომენდაციები მოჰყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ პრეზენტაციას, სადაც ახალი კონცეფცია წარმოადგინეს: „ჩამოდი ბაღდათში: ქალაქის ხელშეწყობის ახლებური გზები“. 

“პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა და სტუმრებთან ერთად სხვადასხვა მიმართულება განვიხილეთ. პოლონელმა  ექსპერტებმა რჩევები ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებით მოგვცეს და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ სტანდარტებსა და ფასეულობებს ნელ-ნელა ჩვენს რეგიონშიც დავნერგავთ. ღვინის არტ-ფესტივალი ჩვენს ქალაქში იგეგმება ოქტომბრის პირველი კვირის ბოლო სამი დღე  და იმედი გვაქვს, ახალი მიდგომებით უამრავი ვიზიტორი ჩამოვა“,- განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ.

„მოხარულნი ვართ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს. კოსტრჟინში ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომელთაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. 16-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს საუკეთესო ფესტივალის ორგანიზებაში კონსულტაცია გავუწიოთ. მოხიბლულები ვართ ბაღდათის ტურისტული პოტენციალით, რადგან მას აქვს ულამაზესი ბუნება, ჰყავს შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე მოსახლეობა, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, - განაცხადა კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი კუნტმა.

“თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამით“, რომელიც „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, ევროკავშირი პროგრამის წევრებს საშუალებას აძლევს საუკეთესო ევროპულ მაგალითებს გაეცნონ და მათთვის საინტერესო მიმართულებებზე რჩევები მოისმინონ. წელს პროექტში  საქართველოდან 9 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, 2-მა გაიმარჯვა და მათ შორისაა ბაღდათი. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ამ ინიციატივის ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა. ვაპირებთ, კვლავ გამოვაცხადოთ კონკურსი, რათა სხვა მუნიციპალიტეტესაც მიეცეს მონაწილეობის და ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება“, - აღნიშნა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“  კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძემ. 

თანამშრომელთა გაცვლით მისიას წელს საქართველო კიდევ ერთხელ, აგვისტოში, უკვე ქუთაისში უმასპინძლებს. 

 

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)  ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც 2017 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. ინიციატივის მისია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში ხელის შეწყობაა. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან  უკვე 300-ზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობაა მობილიზებული. მათი ნახევარზე მეტი „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა. მათ უკვე შეიმუშავეს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინდივიდუალური გეგმები და მათი დანერგვაც დაიწყეს. პროექტის მოქმედი წევრების დასახმარებლად, პროექტმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“„თანამშრმელთა გაცვლითი პროგრამა“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მისიის ფარგლებში არჩეულ მოქმედ წევრებს სტუმრობენ და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. 

ავტორი: ნიუპრესი