|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩემი კრიტიკოსები ჩემი მეგობრები არიან“

დედაქალაქში ცხოვრების მიუხედავად,  მსახიობი  აქტიურადაა ჩართული ქუთაისის თეატრალურ ცხოვრებაში. იგი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გადაღებების შემდეგ გახდა, თუმცა თეატრის მოყვარულთა სიყვარულის  ნაკლებობას არც მანამდე უჩიოდა.  ნინო მრავალი წელია სცენაზე დგას და მაყურებელს თავი არაერთი პერსონაჟით დაამახსოვრა.

"ნიუპრესის"  სტუმარი თეატრისა და კინოს მსახიობი ნინო ჭოლაძეა.

-როდის მიხვდით, რომ თქვენი ადგილი სცენაზე იყო?

-ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. თითქოს დაბადებიდანვე ვიცოდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო.  ყველაფერი საბავშვო მუსიკალური თეატრიდან დაიწყო, სადაც  დედამ მიმიყვანა და მას შემდეგ, ფაქტობრივად, სცენიდან  აღარ ჩამოვსულვარ. მუსიკალური თეატრის შემდეგ კი,  „მესხიშვილის თეატრში“ მოვხვდი.


-რომელია შენი საყვარელი როლი, რომელიც შენს პიროვნებასთან ყველაზე ახლოსაა?

-ყველა მიყვარს, რადგან  ყველა როლი  ჩემი ცხოვრების ნაწილი არის.  მაინც გამოვყოფ რამდენიმეს, ეს არის ჯულიეტა, ლედი მაკბეტი და ანტიგონე. რაც შეეხება სიახლოვეს,  ყველა გმირის რაღაც ნაწილი არის ჩემში. ყველაზე დიდი აღიარება იყო 2014 წელს  „ლედი მაკბეტის“ როლით საუკეთესო ქალ მსახიობთა ხუთეულში მოხვედრა. 


-სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდი?

 -დამირეკეს, რომ იყო სინჯები, გავიარე ეს ეტაპი და მეორე დღეს უკვე  გადაღებაზე გავედი.

 

-არჩევანის წინაშე რომ დადგეთ,  სატელევიზიო პოპულარობას აირჩევდით, თუ  თეატრის მაყურებლის სიყვარულს?

-არჩევანს, აუცილებლად, თეატრის სასარგებლოდ გავაკეთებდი. თუმცა, ტელევიზია იმდენად პოპულარულია, ერთხელ თუ გამოჩნდი, საკმარისია,  მაგრამ მირჩევნია ვაბალანსო, იქაც ვიყო და აქაც.

 

 -როგორ ახერხებ  დედობისა  და მსახიობობის შეთავსებას?

-რომ გამოგიტყდეთ, დედობა უფრო მიჭირს. მინდა ვიყო ისეთი ქალი, ყველაფერს რომ გადადებს შვილებისთვის, მაგრამ არ გამომდის. თუ არ მექნა  პროფესია, ალბათ, ვერც კარგი დედა ვიქნები.  

 (კადრი სპექტაკლიდან: ლედი მაკბეტი) 

-შეგიძლია,  თქვათ,  რომ დღეს  საკუთარი თავი  ნაპოვნი გყავთ ?

-საკუთარი თავი, ასე თუ ისე, გავიცანი. ჩემი მიზანი არის ყოველი დღის ხარისხიანად და შინაარსიანად გატარება. არ მინდა,  იმედგაცრუებული დავრჩე, ამიტომ ყოველ დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. ძალიან ბევრი  აღმოჩენები მინდა კიდევ, რაშიც, ალბათ,  ჩემი საქმეც და ცხოვრებაც დამეხმარება.

 

-ქუთაისელ თეატრის მაყურებელს როგორ შეაფასებ?

-ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი, ძვირფასი და ყველაზე გემოვნებიანი მაყურებელი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც მე ამდენი წარმატება მომიტანა. მე მადლიერი ვარ ქუთაისელი მაყურებლის, რომ არასდროს დაუშურებიათ  ჩემთვის ოვაცია.  ყველას ეშინია ქუთაისში ჩამოსვლა და სპექტაკლების თამაში, იმიტომ, რომ იციან,  ქუთაისს  ყველაზე მკაცრი მაყურებელი და შემფასებელი ყავს.

 

-გყავს კრიტიკოსი, რომლის აზრსაც ყველაზე მეტად აფასებ?

-პირველ რიგში, საკუთარი თავი. სცენიდან რომ გამოდიხარ,  გერთვება  რაღაც, რომ „მე ეს დავაკელი... აი, იქ უკეთ შეიძლებოდა“, ამის გარეშე ვერაფრით განვითარდები.  ჩემი კრიტიკოსები არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად არიან ამ საქმეში და ვიცი, არასდროს მომატყუებენ და არიან ობიექტურები. მე მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. 

 

-რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდი?

-იმდენად მიყვარს ცხოველები, ალბათ, სადმე მათ შორის აღმოვჩნდებოდი.

 

-საახალწლოდ რას უსურვებ შენს ერთგულ მაყურებელს?

-პირველ რიგში, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობას აუცილებლად.  მათ  და ჩემ თავსაც  ვუსურვებ  ძალიან ბევრ საინტერესო და გემოვნებიან სპექტაკლს. მინდა,  რომ ყველას ქონდეს ის განწყობა, რომ თუნდაც, თვეში ერთხელ, გაგვახარონ, მოვიდნენ,  რათა ჩვენც სტიმული გვქონდეს, რომ მათ  ყოველთვის  კარგი სპექტაკლები მივუძღვნათ.

  ყველას ვურჩევი, რომ იმდენად მოკლეა ცხოვრება, სჯობს, პატარ- პატარა „საჩუქრებით“ გავიხალისოთ ის.

 

ავტორი: მარუსა ხურციძე