|
  • EUR 1 = GEL 2.9344
  • USD 1 = GEL 2.4864
|

"ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ"

2006 წელი იყო, არჩილმა ახალი პირადი საქმის შედგენა დაიწყო... მიზანი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის სრული მზადყოფნა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის მოტივი იყო. კარგად ახსოვს ის დღე, რომელმაც სამხედრო საქმეს, როგორც პროფესიასა და კარიერას მჭიდროდ დააკავშირა.

„სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2016 წლის 3 ოქტომბერს ჩავირიცხე“. თუმცა მანამდე იყო სტუდენტობა და სხვა პროფესიის დაუფლების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურად რთულ პერიოდს დაემთხვა.

„არ დავმალავ, ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე არ მიფიქრია. იმიტომ რომ 92-ში ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ სამოქალაქო სამსახურები ჭირდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სამხედრო კათედრა სტუდენტს უმცროსი ლეიტენანტის წოდებას აძლევდა. სწორედ ამის შემდეგ რეზერვის ოფიცრად ჩავირიცხე".

_ აგვისტოს ომამდე პროფესიულ ჯარში ორი წელი იმსახურეთ, ასეთ რთულ საბრძოლო სიტუაციაში ჩართვისთვის გქონდათ საკმარისი გამოცდილება და მზაობა?

_ დიახ, რადგან მანამდე კიდევ 2 წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გამოცდილებაც მიწყობდა ხელს. ვიცოდი რა იყო და სად მივედი. ბევრს ვკითხულობდი, ინტერნეტთან მქონდა წვდომა და ყველაფრის საშუალება იყო, რაც სამხედროს განვითარებისთვის იყო საჭირო. მონდომებული ადამიანი ყველაფერს გააკეთებდი.

_ 2008 წლის მოვლენებმა მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა...

_ გამთენიისას განგაშით გამოგვიძახეს. მივიღეთ ბრძანება, რომ გადავსულიყავით ცხინვალის რეგიონში. ფაქტიურად ომი იყო და ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა.

_ არჩილ აბულაძე ბრძოლის ველზე მოულოდნელად აღმოჩნდა, ამბობს, რომ გაცნობიერებაც კი გაუჭირდა, რასთან ჰქონდა საქმე.

_ უბრალოდ მივდიოდით იმისთვის, რომ ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები იდგნენ. მე ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ეს. გამთენიისას ჩვენმა ოცმილიმეტრიანმა რომ გაისროლა, სწორედ მაშინ გავაცნობიერე რომ ნამდვილ ომში ვიყავი.

_ ბრძოლის ველზე თქვენს მოვალეობებში რა შედიოდა?

_ ჩვენ ვიყავით რეზერვის შტაბში, სადაც ჩემი მოვალეობა ბრძოლის ველზე დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების აღრიცხვა იყო.

„ავნევი მალე დაგვატოვებინეს, რადგან დიდი კოლონა შემოვიდა, სოფლების დაბომბვა დაიწყეს. 11 აგვისტო რომ გათენდა, კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. დიდი რაოდენობით ტექნიკა შემოდიოდა. შემდეგ მოხდა რაციების ჩახშობა და ინფორმაციის ნაკლებობაც იყო“.

მიუხედავად იმისა, რომ არჩილი მაშინდელ სიტუაციას მძიმედ აღწერს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის გადატანა ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული იყო აღნიშნავს: "ვიდექით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, გვეცვა ფორმა და მზად ვიყავით სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა“.

11 აგვისტოს, საღამოს 6 საათისთვის, ბრძანება მიიღეს, რომ შინდისის გზით ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. შემდეგ იყო მძიმე შეტაკება. ქართველი ჯარისკაცები შეცდომაში მტრის ქვეითთა საბრძოლო მანქანამ შეიყვანა, რომელსაც სპეციალურად საქართველოს დროშა ჰქონდა ამოწეული, ქართველები მტრის ალყაში მოექცნენ.

არჩილის ავტომობილის ძრავას ორი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოხვდა. ამბობს, რომ გაუმართლა. ყუმბარები მანქანაში არ შევარდა. თუმცა სწორედ მაშინ დაიჭრა...

„საერთოდ ვერ გავიგე დაჭრა, ტკივილი არ მიგრძნია, ყუმბარის ნაწილი მარცხენა მხარში ისეთ ადგილას მომხვდა, რომ მთავარ არტერიას 7 მილიმეტრით ასცდა“.

რამდენიმე გადარჩენილმა ხოხვით გადაიარა მინდორი. გზად საინჟინრო ასეულის ორი ჯარისკაცი შემოხვდათ, ჯარისკაცებს იმედი მიეცათ, უკვე ბევრნი იყვნენ... „კარგა ხანს ვიარეთ, სოფელ ვარიანთან გავიყავით, რომ ნაკლებად გამოვჩენილიყავით, ასე სიარულიც ნაკლებ ხმაურს გამოიწვევდა. მე და მამაო ერთად წამოვედით“. ასე შეიფარა სოფელში ერთმა ოჯახმა. დააპურეს, ჭრილობა გადაუხვიეს და გაუშვეს.

არჩილ აბულაძე იხსენებს, რომ გონება მხოლოდ სახლის სადარბაზოსთან მისულმა დაკარგა, მაშინ, როდესაც თავი სამშვიდობოს იგრძნო. ექვსთვიანი სამკურნალო შვებულების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა.

მიუხედავად ტრავმისა, არჩილი განვითარებას არ წყვეტს, ამ ეტაპზე ინგლისური ენის კურსს გადის, საერთაშორისო კურსებში საკმაოდ გამოცდილია, ნორვეგიაში თავდაცვის სამინისტროს ეგიდით სპეცკურსიც აქვს გავლილი, 2011 წელს კი კაპიტნის საკარიერო კურსი წარმატებით დაამთავრა.

„ახლა კაპიტანი ვარ და მაიორის წოდება რომ მიიღო, აუცილებელია ინგლისურის ცოდნა, სწორედ ამიტომ, თავს არ ვზოგავ განვითარებისთვის და ამაში სამინისტროც მეხმარება".

_ ახლა რომ თავიდან იწყებდეთ ცხოვრებასა და კარიერას, შეცვლიდით რაიმეს?

_ არა, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე. ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ. თუ ისინიც გადაწყვეტენ, რომ გახდნენ ჯარისკაცები, ჩემი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, ინოვატორები. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს, იმ გზას ვასწავლი, რაც მე გამივლია.

 

 

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი: ნიუპრესი