|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ დეპუტატებს არ უნდა ვაიძულოთ ქუთაისში მუშაობა"

კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში შეხვედრას მართავს. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ხვდება.

შეხვედრის მოდერატორი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილია.

 "კითხვაზე, თუ რატომ დავიწყე ეს კამპანია, პასუხი გაცემულია. საზოგადოება დაინტერესებულია, ჩართულია ამ საკითხში და არაფერი მოხდება მის გარეშე. დაიწყეს კონსტიტუციის გადასინჯვა, მე არ მინდოდა საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო ოთახშ​ი ჩაკეტილი.  ვთვლი, რომ ჩემი ფუნქცია შესრულებულია, რადგან საკითხი საზოგადოების განხილვის საგანი გავხადე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის კითხვას, პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უპასუხა: 

"ჩვენ დეპუტატებს არ უნდა ვაიძულოთ ქუთაისში მუშაობა, თუ ეს მოთხოვნა არის განპირობებული ეკონომიკური ფაქტორით, მაშინ ეს ეკონომიკური ფაქტორით შეიძლება დაბალანსდეს".

პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე ისაუბრა "ევროპული საქართველოს" წევრმა გია თევდორაძემ. მისი თქმით, ეს თბილისის განტვირთვასაც შუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, დღეს ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც არაფორმალურ მმართველს არ ემორჩილება, პრეზიდენტის ინსტიტუტია, რის გამოც პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს სწორედ პრეზიდენტთან განიხილავენ.

მწერალმა ლია გვენეტაძემ პრეზიდენტს უსაყვედურა მისი განსხვავებული აზრისა და უმრავლესობასთან დაპირისპირების გამო. გვენეტაძის თქმით, ამით ქვეყანა ზარალდება. მის საპასუხოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ სურს, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ერთ აზრზე იქნება.

გვენეტაძისგან განსხვავებით, სწორედ მისი განსხვავებულობისა და სიმტკიცის გამო გადაუხადა მადლობა პრეზიდენტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

"მტკიცე ადამიანი ყოფილხართ. როცა აგირჩიეს, ვიფიქრე, რომ მორჩილი უმრავლესობის ნაწილი იქნებოდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას გიხდით", - განაცხადა წულაიამ. მის მიერ დასმული საკითხიც პარლამენტის ადგილმდებარეობას შეეხებოდა. წულაიას განცხადებით,  პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში მთელი "სისავსით" და არა ისე, ჩემოდნებზე რომ სხედან და გასაქცევად ემზადებიან.

საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე საარჩევნო სისტემით დაინტერესდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები აუდიტორიის ინტერესის მიღმა დარჩა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე