|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე: "აბსოლუტურად უნიჭო კაცის დაწერილია"

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ღია წერილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაწერილი არ არის და მისი ავტორი, ივანიშვილის გარემოცვა ”არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული”.
როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში განაცხადა, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას მასზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ეს დოკუმენტურად, წერილობითაც დადასტურდა.
”ძალიან ბევრი საკითხია იქ. როგორ ჩანს, იქ ბევრი ადამიანი, რაღაც კოლექტივი მუშაობდა, რადგან სტილიც განსხვავებულია ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, სხვადასხვა საკითხები სხვადასხვა ადამიანებმა დაწერეს. რაც მთავარია, სამწუხაროდ, ჩემთვის ასევე დასტურდება ის, რომ ჩვენ არაფორმალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ დოკუმენტი დაწერილია პირველ მრავლობით პირში, რაც უკვე პირდაპირ, დოკუმენტურად მიანიშნებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა გვაქვს იმიტომ, რომ ერთი მოქალაქე, თუნდაც ისეთი გავლენიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ის მთელი ხელისუფლების სახელით ლაპარაკობს”, - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ასეთი მმართველობა არ ამართლებს.
როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ძალიან ნიჭიერი კაცია, ტალანტია ბევრ საკითხში.
”სამწუხაროდ, კიდევ ერთი რამ დადასტურდა. მე ძალიან არ მინდოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარე ყოფილიყო და აღმოჩენილიყო ერთ-ერთ პოლიტიკურ ბანაკში. მე არ ვიცი, ასეთმა ჭკვიანმა კაცმა ასეთი შეცდომა რატომ დაუშვა. მან ფაქტობრივად, თითონ დაიდო თავის მაჯებზე ხელბორკილი. მე მაინც მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებს მიღმა დარჩებოდა და მას არჩევნების შემდეგ დიდი უპირატესობა ექნებოდა. მას ექნებოდა ძალიან სერიოზული მორალური ავტორიტეტი, თუნდაც პოლიტიკის გარედან და მას ექნებოდა გავლენა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება აწი ჰქონდეს. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პოლიტიკური მხარე”, - განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა წერილთან დაკავშირებით ის ორ საკითხი გამოყო, სადაც, მისი თქმით, ”შედარებით მეტი კომპეტენცია აქვს”.
”პირველი საკითხი არის ემოციური ნაწილი, საქართველოსა და ქართველი ხალხის მისიაზე, ფუნქციაზე. ეს არის საშუალოზე დაბალი დონის თამადის სიტყვები. ასევე იქ ძალიან სერიოზული უვიცობაა. ანუ აბსოლუტურად უნიჭო კაცის დაწერილია, კერძოდ, მაგალითად, თბილისის ცენტრში არის 4 მსოფლიო რელიგიის საკულტო ნაგებობა და იქ წერია რატომღაც ზოროასტრული ნაგებობა. სად ნახეს მათ ეს?! ზოროასტრული რელიგია როდის მერე გახდა მსოფლიო რელიგია?! ანუ ძალიან უვიცი კაცის დაწერილია ის. ეს არის თითიდან გამოწოვილი და ემოციას მოკლებული, რაღაც ძალიან მდარე ხარისხის თამადის სადღეგრძელო, რომელსაც ხშირად სუფრაზე აღარ უსმენენ ხოლმე”, - განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ წერილის ავტორები მისთვის უცნობია.


გუბაზ სანიკიძემ მეორე საკითხად წერილში მოყვანილი საგარეო ორიენტირები დაასახელა და აღნიშნა, რომ ”ეს არის განულებული, არაფრისმთქმელი და ძველ ჩარჩოში მოქცეული”.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა არაკომპეტენტური, უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

”ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ”ქართული ოცნების” მთავარი ავადმყოფობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება და გაძლიერდება და ეს არის ქრონიკული დილეტანტიზმი”, - განაცხადა სანიკიძემ.
 
წყარო

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა