|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცუდი ფაქტია, ქალაქის მერი მოღვაწეობას შენობების დარღვევით რომ იწყებს"

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსისთვის ორი სართულის იძულებით დემონტაჟთან დაკავშირებით, ოპოზიცია გამოეხმაურა. "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ საკრებულოს სხდომაზე  განაცხადა, რომ ცუდი ფაქტია, როდესაც მერი საქმიანობას შენობების დარღვევით იწყებს.

"ცუდი ფაქტია, რომ ქალაქის მერი მოღვაწეობას შენობების დარღვევით იწყებს. როგორ მოხდა, რომ ქალაქის ცენტრში 2 სართული უკანონოდ აშენდა ისე, რომ ეს ვერ შენიშნა ვერც ერთმა პასუხისმგებელმა ორგანომ?"–განაცხადა დავით გოგისვანიძემ.


"ევროპული საქართველოს" დეპუტატის განცხადებით, მესაკუთრის მიერ დემონტაჟის გასაჩივრების და საქმის მოგების შემთხვევაში, საინტერესოა, თუ ვინ იზარალებს იმ 71 ათას ლარს, რომელიც დემონტაჟის სამუშაოების შესრულებისათვის უნდა დაიხარჯოს.

საკითხს სხდომაზე კამათი მოყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, დემონტაჟის აღსრულება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი, რადგან კერძო მესაკუთრე მის ტერიტორიაზე ამის უფლებას არ მისცემს.

დეპუტატებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. მისი თქმით, შპს-მ ორი სართული უკანონოდ ააშენა, რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კომპანიას დემონტაჟის მოთხოვნით, სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით, შვიდსართულიანი შენობის ორი სართულის დემონტაჟი იძულების წესით მოხდება, მერიამ ამისთვის ტენდერი გამოაცხადა. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მშენებელობა უნებართვოდ მიმდინარეობდა, რაც ახალი მერის პირობებში დაუშვებლად მიაჩნიათ.

ავტორი: ირინა მაკარიძე