|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"დაიხრჩობით თბილისში, სანამ რეგიონებს ყურადღებას არ მიაქცევთ" - გოგი წულაია

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან და მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართა. წულაია სამთვარობო შენობების მდგომარეობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება უფუნქციო შენობების შესანახად თანხას წყალში ყრის. პარტიის თანათავმჯდომარე პარლამეტის შენობისათვის ფუნქციის მინიჭებას ითხოვს.

“ეს არის მიტოვებული შენობების მომდევნო სერია. ყველაზე გულსაკლავი არის ის, რომ ეს ორი დიდი შენობა, პარლამენტი და მთავრობის სახლი არის მიტოვებული. ამ შენობების შენახვა ბიუჯეტისათვის ხარჯებია. მიკვდება გული, რომ მილიონიბით ლარი რიონს მიაქვს. რამდენ ხანს აპირებენ რომ შენობა უფუნქციოდ იყოს, ამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს? ხელისუფლებასა და დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, მათთვის დანარჩენი საქართველო რომ არ არსებობს, ესეც საქართველოა და ამის გარეშე თქვენ არაფერი იქნებით. თბილისში გადაადგილება თქვენ არ შეგიძლიათ. დაიხრჩობით თბილისში,  სანამ რეგიონებს ყურადღებას არ მიაქცევთ, სანამ არ შექმნით სამუშაო ადგილებს, რადგან წინა ხელისუფლების აშენებულია, როდემდე გინდათ მიატოვოთ, დაანგრიოთ და გააუბედუროთ,”-ამბობს გოგი წულაია.

წულაიას განმარტებით, შესაძლებელია პარლამენტის შენობაზე მზის ბატარეების დამონტაჟება და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავება, საკონცერტო ან სპორტდარბაზის მოწყობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის” მედიაპროექტ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობის შენახვა ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება. მიმდინარე წლის 8 თვეში შენობის კომუნალურ გადასახადებში 700 000 ლარია დახარჯული.

ქუთაისში პარლამენტი იანვრის თვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე საპოლიციო ჰაბი უნდა მოეწყოს, თუმცა, შენობას ფუნქციური დატვირთვა ამ დრომდე არ გააჩნია.

ავტორი: ნიუპრესი