|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამშრალი შადრევანი, მიუსაფარი ძაღლები და ავტომანქანები ტურისტულ უბანში [PHOTO]

დამშრალი შადრევანი, მიუსაფარი ძაღლები, რასაც ავტომანქანების გამონაბოლქვი ემატება - ასეთი გარემო ხვდება  ქუთაისის ისტორიულ უბანში გასეირნებისა და დასვენების მსურველებს.

ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის ზაფხულში ყველაზე პოპულარული ადგილი რიონის სანაპირო, თეთრი ხიდი,  ანჯაფარიძის პარკი და პუშკინის ქუჩაა. 

ანჯაფარიძის სკვერი "გაბაშვილის პარკის" მართვაშია. პარკი 49 წლიანი იჯარის უფლებით შპს "გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკს" 2007 წელს გადაეცა. როგორც ქალაქის მაშინდელი მერი გია თევდორაძე აცხადებს, გავერანებული ტერიტორია ინვესტორმა კულტურული დასვენების ადგილად აქცია.

10 წლის შემდეგ პარკის ადმინისტრაცია შადრევნის შესაძლო დემონტაჟზე საუბრობს.

"შესაძლოა,  გავაუქმოთ ეს შადრევანი, რადგან ხარჯიანია და, ტექნიკურად და ფინანსურად ვეღარ ვუზღუნველყოფთ მის ფუნქციონირებას სისტემატიურ რეჟიმში,  რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, ერთერთი ვარიანტია შადრევნის ტიპაჟის შეცვლა, მეორეა შადრევნის ლიკვიდაცია და მის ადგილზე მომგებიანი ობიექტის გახსნა, ავტომატურად ხდება ამ ტერიტორიაზე ტურისტების თავმოყრა, განხილვა ჯერჯერობით კომპანიის შიგნით მიმდინარეობს", - განაცხადა კახა კუხიანიძემ.

რაც შეეხება სკულპტურებს, კუხაიანიძის თქმით, მათი გაწმენდა არ ხდება, რათა სიძველის ეფექტი შენარჩუნდეს.

"ეს სკულპტურები არის სამხატვრო გალერეის საკუთრება, ჩვენ მათ თავისი სადგამები მოვუწყვეთ და სკვერში განვათავსეთ, ერთხელ გავწმინდეთ სპეციალური ხსნარების საშუალებით, მაგრამ ამის გამო ჩვენ შენიშვნა მოგვცეს სპეციალისტებმა. მათი თქმით, სკულპტურების გაწმენდა დაუშვებელია, საჭიროა  სიძველის ეფექტი შეიქმნეს"-აღნიშნავს კახა კუხიანიძე.

მიმდებარე ტერიტორია მიუსაფარი ძაღლების  მთავარი თავშეყრის ადგილია. ძაღლები ძირითადად პირველ სკოლასთან არიან დაბანაკებული, სადაც მათ თავიანთი კეთილისმყოფელი ქალბატონი ყავთ, რომელიც საკვებით უმასპინძლდება. ძაღლები ყეფით აცილებენ ამვლელს და ჩამვლელს, განსაკუთრებული ინტენსიური ყეფით კი ავტომანქანებს ეხმიანებიან.

 

"ქუთაისის შარდენად" წოდებულ ამ ტერიტორიაზე ღამის ხმაურს ძაღლების ბუნებრივი ხმიანობა ავსებს. დღისით კი ცხოველები მშვიდად წვანან ღია კაფეებთან, სადაც ტურისტები სხედან და ზოგჯერ მათ ყურადღებასაც იმსახურებენ.

   

თუმცა, როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, ძაღლები ხშირად აგრესიულად იქცევიან, ხშირია ბავშვების შეშინების შემთხვევები. მოსახლეობის პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიაც შეუერთდა. 

"ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ტურისტები იკრიბებიან, მაწანწალა ძაღლების ხროვაა. ძაღლები არიან აგრესიულები და მოქალაქეებს აშინებენ. მოვუწოდებ მერიას, სასწრაფოდ მიხედონ მაწანწალა ძაღლებს, კეთილი ინებონ და თავშესაფარში გადაიყვანონ, თვითონ დაიკლონ და ძაღლებს აჭამონ",-აცხადებდა წულაია. 

ქუთაისის მერიის ააიპი "სპეციალური სერვისებში"  განაცხადეს, რომ ძაღლების უფლებებს არ არღვევენ და თავშესაფარში მათ გამოკვებას ქუჩაში საკვების თავისუფლად მოპოვების შესაძლებლობის მიცემას ამჯობინებენ.

"თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლი აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ გამოკეტილი უნდა იყოს სამუდამოდ. პირიქით, ძაღლი, რომელსაც ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ის არ იქნება ადამიანისთვის საშიში, უნდა გავუშვათ თავისუფალ ზონაში. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მომრავლებულ ძაღლებს, ისინი მიდიან იქ, სადაც აჭმევენ და თბილად ექცევიან. თუ მოქალაქეებს შეექმნებათ დისკომფორტი, შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე და ჩვენ მოვახდენთ პატრულირებას",-აცხადებს  გიორგი მჟავანაძე.

 

  

ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილის მეტი კომფორტულობის მიზნით ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვის იდეით გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა ნარსია.

მისი განცხადებით, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში საავტომობილო მოძრაობა უნდა შეიზღუდოს, მოეწყოს მეტი  ფეხით სასეირნო ადგილები-სკვერები, ველობილიკები, სტადიონები, მეტად განვითარდეს რეკრიაციული ზონა. მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შესაბამისად, შემოსავლების ზრდას.

"პირველ სკოლასთან, ცისფერყანწელებისა და პუშკინის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რომ აიკრძალოს, ასევე ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან პარკირების სხვა ადგილზე გადატანა, აქ კი ღია ბარების და კაფეების მოწყობა მოხდეს, ღამით ეს ადგილი მეტად გამოცოცხლდება, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს, ეს არის პოტენციალი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ქალაქი გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, გაჩნდება ახალი სამუშო ადგილები", -განაცხადა ნარსიამ.

გია თევდორაძე კი, რომელიც ახლა "ევროპულ საქართველოს" წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ იდეა თავისთავად ურიგო არაა, თუმცა თავის დროზე, როდესაც ის ქალაქის მერი იყო, პირველ სკოლასთან, ცისფერყანწელების ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვას წინააღმდეგობა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შეხვდა.

ქალაქის მერიაში ნარსიას მიერ გახმიანებულ იდეას არასერიოზულად მიიჩნევენ.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა