|
  • EUR 1 = GEL 3.2365
  • USD 1 = GEL 2.9279
|

„დარისპანის გასაჭირი“ - პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი  50-ე თეატრალური სეზონის მორიგი პრემიერისთვის ემზადება. 

25 იანვარს 19 საათზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ჩლაიძის ოპერა „დარისპანის გასაჭირი“ (ახალი ვერსია; ვარლამ ნიკოლაძის ლიბრეტო, დავით კლდიაშვილის ერთსახელიანი პიესის მიხედვით). სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ ლევან ჯაგაევის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორმაისტერ ირინე ლომინაძის შემადგენლობით.

გიორგი ჩლაიძის ოპერის „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერა 1977 წელს  ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა.  ეს იყო თეატრის პირველი საკუთარი ქმნილება, რომელიც ქუთაისის საოპერო სცენაზე დაიბადა კომპოზიტორისა და თეატრის შემოქმედებითი თანამეგობრობის შედეგად.

ოპერის ახალი ვერსია, რომელიც ამჯერად იქნება წარმოდგენილი, გიორგი ჩლაიძემ შექმნა 2010 წელს. ოპერის პარტიტურა მნიშვნელოვნად გადახალისდა, დაემატა ქალთა გუნდი, დარისპანის ორიარიისთვის – „დარისპანის ჩივილი“ და „დარისპანის მოთქმა“ დაიწერა ახალი მუსიკალური მასალა, მიმიკური პერსონაჟი ოსიკო კომპოზიტორმა გაიაზრა ტენორად, რომელსაც საკუთარი სრულფასოვანი სასიმღერო პარტია აქვს.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, მთავარ პარტიებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე(მართა), ნათია სტეფანიშვილი(პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო).

„დარისპანის გასაჭირის“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი