|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში 3 000–მდე მეწყერსაშიში ზონაა

 იმერეთში ბოლო პერიოდში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა რეგიონი დაახლოებით 6 მილიონი ლარით აზარალა. სტიქიამ დააზარალა ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი და ქუთაისიც კი. ასევე დააზიანა მშენებარე მაგისტრალი.  რა იწვევს მეწყერს, როგორია ადამიანის როლი ამ შემთხვევაში და როგორ ავირიდოთ თავიდან ის? -  ამ საკითხებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე გვესაუბრა.

–ბატონო ავთანდილ, რამ გამოიწვია იმერეთში ბოლო დროს მომხდარი მეწყერი?

–დასავლეთ საქართველოში  3 000–მდე მეწყერული ადგილია. როდის გააქტიურდება,  ამის პროგნოზს ვერავინ  შეძლებს. თუმცა, ეს, ძირითადად, ძლიერი წვიმის დროს ხდება. ნიადაგი ნალექით გაიჟღინთა, დამძიმდა და გამოიწვია ჩამოშლა.  რაც ზესტაფონი–ქუთაისის მონაკვეთზე მოხდა,  ეს იყო დროებით შემოვლით გზასთან. იქ  წყლის ვიწრო გასასვლელია, რომელმაც ადიდებული   მდინარეების  გატარება ვეღარ  შეძლო. ჩვენ გაფრთხილება გვქონდა გადაცემული, რომ წვიმები პატარა მდინარეების ადიდებას გამოიწვევდა.  წყალმა წამოიღო მოქალაქების მიერ დაყრილი ნაგავი, ასევე ხეები, ტოტები, რამაც  გამოწვია  მდინარეების ჩახერგვა.

თუ ადრე წყალმოვარდნების და წყალდიდობების  ინტენსივობა იყო 5 წელიწადში ერთხელ, ახლა  წელი არ გავა, ასეთი მოვლენა რომ არ დაფიქსირდეს.  ბოლოს 1987 წელს რომ მოხდა წყალმოვარდნა იმერეთში, მას შემდეგ ასეთი მასშტაბის  შემთხვევა არ ყოფილა. თუმცა, მზადყოფნაში ყოველთვის უნდა ვიყოთ. მთავარია, სახიდე გადასასვლელების, გზების მშენებლობის, ან მდინარის კალაპოტში ნებისმიერი  ჩარევის დროს  მოხდეს მდინარის ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის გათვალისწინება,  რადგან არავინ იცის, ზუსტად როდის მოხდება წყალმოვარდნა. გზების და ხიდების მშენებლობის ნორმები ხშირად იყო დარღვეული, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის წლებში 2012  წლამდე, ახლა მეტ–ნაკლებად ექცევა ყურადღება.  ჩვენს სამსახურს მეტი მომართვა აქვს, სპეციალისტების დასკვნების გათვალისწინება მეტად ხდება.

–დასავლეთში მშენებარე ავტობანის შესახებ  რას იტყვით, თუ ხდება ნორმების დაცვა?

–მაგისტრალს რაც შეეხება,  მე რაც ვნახე, ყველაფერი კარგად მიდის. ზოგადად, 10 ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს, მაგრამ, რაც  უნდა წყალდიდობა მოხდეს, ყველას  გაატარებს. საკმარისი სიდიდის სივრცეა წყლის გასავლელად. ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, პრობლემა დროებითმა შემოვლითმა გზამ გამოიწვია, ვერ გაატრა ნალექი, ავტობანის მშენებლობა კი ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

–რას იტყვით ადამიანის ჩარევაზე, რამდენად უწყობს ხელს მეწყერს გარემოზე დაუდევრად მოპყრობა, ვგულისხმობ ხე–ტყის გაჩეხვას?

–მეწყერის გაჩენას პირდაპირ უწყობს ხელს ხე–ტყის გაჩეხვა.  განსაკუთრებით, ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე, როგორიც საქართველოშია. გაჩეხვის შედეგად მცენარის ფესვები რომ კვდება, ეს იწვევს ყველა პროცესს. ტყე არის მარეგულირებელი წყალმოვარდნების.  ცნობილია, რომ ტყით დაფარულ ადგილზე წყალმოვარდნების პიკი უფრო დაბალია, ვიდრე უტყეო ტერიტორიებზე. ტყეს გააჩნია უნარი შეიწოვოს წყალი და გადაიყვანს გრუნტის წყლებში, შემდეგ გვალვების დროს კვებავს მდინარეს, ასევე მნიშვნელოვან ნალექს ფოთლებზე აჩერებს. თუ  ტყე გაჩეხილია და არ არის ფესვთა სისტემა, ზედაპირული  ფენა ჯერდება წყლით და გაჯერებული ნიადაგი მეწყერს იწვევს. ამიტომ აუცილებელია, მოხდეს ტყის შენარჩუნება, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები.

–რაც შეეხება ქარსაცავ ზოლებს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ და ავტობანზე აუცილებელია, თუ არა ქარსაცავი ზოლების მოწყობა?

–ქარსაცავები საქართველოში განადგურებულია. თუმცა ნელ–ნელა მივდივართ იქამდე, რომ მოსახლეობა ხვდება მის აუცილებლობას და აღარ ნადგურდება დარჩენილი ადგილები.  ამასთანავე, იწყება ახლის გაშენება. ქარსაცავები აუცილებლად ლანდშაპტური დიზაინით უნდა გაკეთდეს. უნდა იყოს  ოთხზოლიანი სისტემა. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ ტერიტორიას იცავს  გაუდაბნოებისგან და ეროზიისგან, ასევე ინარჩუნებს  სინოტივეს. რაც შეეხება ავტობანს, აუცილებელია, მოხდეს მისი დაცვა და ქარსაცავების მოწყობა, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, პროექტით არის თუ არა გათვალისწინებული ქარსაცავი ზოლების მოწყობა.

–ისევ წყალმოვარდნებს რომ დავუბრუნდეთ, რას იტყვით ქუთაისში არსებულ მდინარეებზე, რა საფრთხეს წარმოადგენს ისინი ქალაქისათვის?

–მდინარე ოღასყურა, რომ იყოს დიდი წყალშემკრები აუზის მქონე მდინარე,   ვერაზე უარესს გვიზამს, მაგრამ, საბედნიეროდ,  მას ეს უნარი არ აქვს შეზღუდული წყალშემკრები აუზის გამო, ანუ არ აქვს ბაზა დიდი წყლის მოსაგროვებლად, მაგრამ, რასაც აგროვებს, საკმარისია,  რომ მიმდებარე ტერიტორია დატბოროს. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს მისი ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის პროექტის მომზადება, მაგრამ, ვიდრე დაფინანსება მოხდება, ოღასყურა უნდა გაიწმინდოს იმ ხე–მცენარეებისგან,  რაც არის მდინარის კალაპოტში.  ეს იწვევს ჩახერგვას და დატბორვას.  მისი ბუნებრივი გამტარიანობა, რაც ქონდა რამდენიმე წლის წინ, შემცირებულია და აღარ არის საკმარისი. რიონს პრობლემა აქვს  ჯაჭვის ხიდთან, სადაც გაკეთდა ბეტონის მოაჯირი და შედეგიც აქვს, მაგრამ,  ასევე ისტორიული მემკვიდრეობის მიზნით შენარჩუნებული არის ძველი ხიდის კონსტრუქცია, რის გამოც ჯაჭვის ხიდის გამტარიანობა არ არის საკმარისი. ამ ადგილის გახსნა ბევრად გააუმჯობესებს მდგომარეობას. რთული მდგომარეობაა წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სადაც მოსახლეობას მდინარის დამცავი კედელი აქვს დაზიანებული და იქედან წყალი აქვთ გადმოყვანილი, რის გამოც ხშირად ხდება  ტერიტორიის დატბორვა.

–როგორ უნდა დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხისგან და როგორ ზამთარს უნდა ველოდოთ წელს?

–ვერავინ გვეტყვის,  როგორი ზამთარი იქნება წელს, რადგან პროგნოზი მხოლოდ 10 დღის შეიძლება.  თუმცა,  ჩემი ვარაუდით, წელს  საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვექნება. იქნება უხვი ნალექი და დაბალი ტემპერატურა. იმისათვის, რომ მოსალოდნელი საფრთხისგან ნაკლები ზარალი მივიღოთ,  ვმუშაობთ პროექტზე, დაფინანსება მოპოვებულია.  ეს პროგრამა მოიცავს რიონის აუზში  წყალმოვარდნების და წყალდიდობების მედეგი მართვის მიზნით წინასწარ პროგნიზირებას.  მდინარეებზე დაიდგა ნალექმზომები, რიკოთის უღელტეხილზე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც სხვა პარამეტრებთან ერთად გზის შემოყინულობასაც კი განსაზღვრას.   ეს იმისთვის არის, რომ მოძრაობის ჩახერგვა არ მოხდეს.  ჩვენს ფუნქციებშია პროგნიზირება და გაფრთხილება, შემდეგ  ერთვებიან შსს–ს მაშველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.  მიეცემათ რუკები,  საიდან დაიწყონ მუშაობა.  პროგრამაში  6 რაიონია ჩართული:  სამტრედია, წყალტუბო, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი.  რა თქმა უნდა, სტიქიას ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ  მასშტაბების შემცირება შესაძლებელია, ამისათვის კი  სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ერთად უნდა ვიზრუნოთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა