|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დასრულდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა"-აქცია ქუთაისში [VIDEO]

"ნუ გვიჭერთ", "ხმაური თავისუფლებისთვის", "ჩემი სხეული ჩემია", "დასრულდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა"-ამ ლოზუნგების ფონზე გაიმართა ქუთაისში აქცია.

აქციის მონაწილეები თბილისში "თეთრი ხმაურის" აქციას უერთდებიან. მათი  განცხადებით, ადამიანები, რომლებიც მარიხუანას მოხმარებისთვის ციხეში იმყოფებიან, ახალ წელს სახლებში უნდა შეხვდნენ. 

"ჩვენ მოვითხოვთ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. არ შეიძლება ადამიანი იდევნებოდეს და სისხლის სამართლებლივი წესით ისჯებოდეს იმის გამო, რომ ის არის ნარკოტიკების მომხმარებელი. ეს არის ყველაზე არაჰუმანური მოპყრობა, უამრავი პატიმარი და პატიმრის მშობლები ელოდებიან ცვლილებებს. ხალხი აუცილებლად დაიცავს კანონპროექტს", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ანა სუბელიანმა. 


აქციას შეუერთდა ახალი პოლიტიკური ცენტრიც. "გირჩის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, ადამიანები, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისას არ უნდა ისჯებოდნენ. 

"გირჩი უერთდება "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას, მიუხედავად იმისა, გვაქვს წინსვლები საკანონმდდებლო სფეროში, ნარკოპოლიტიკა მთიანად გადასახედი და შესაცვლელია. ბრძოლა არ დამთავრებულა, ჩვენ გვჭირდება ერთობა და სახელმწიფოს დარწმუნება იმაში, რომ ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს"-აღნიშნა ცამციშვილმა.

მისივე თქმით, აქციაზე უშიშროების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც აქციის ამსახველ ფოტოებს იღებდნენ.  

აქციის მონაწილეებმა ხმაურითა და შეძახილებით ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოითხოვეს. 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე