|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით გოგისვანიძე: "კომისია ჯერ არ შექმნილა და მისი წევრი ვერ ვიქნები"

სკვერების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან. 

 მერიის ინფორმაციით, მერის ბრძანებით შემნილ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ კი მერიაში განგვიმარტეს, რომ კომისიაში "ევროპული საქართველოს" წევრები არიან.

 როგორც ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ, ჩვენთან საუბარში განმარტა, კომისია ჯერ არ შექმნილა და შესაბამისად, მისი წევრი ვერ იქნება, თუმცა ნებისმიერი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

"კომისია, მე რამდენადაც ვიცი, შექმნილი არ არის, შესაბამისად,  ვერ ვიქნებით ამ კომისიაში. ნებისმიერი დროებითი კომისიის შექმნა დაკავშირებულია პროცედურებთან, საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს საკითხის გამოტანა,  განსაზღვრა მიზნების, შემადგენლობის და სხვა საკითხების, ასევე დამტკიცება. რაც შეეხება სკვერების თემას, "ევროპულ საქართველოს" როგორც პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ ორგანიზაციას, ძალიან აწუხებს ქუთაისში სკვრების მდგომარეობა და მრავალჯერ გაგვიჟღერებია ეს, მათ შორის ხელისუფლებაც გაგვიკრიტიკებია ამ კუთხით. სკვერები არის საშინელ მდგომარეობაში, ვინტერესდებით, თუ ვისია სკვერი და რა ნებართვები იცემა დროებითი შენობების აღნაგობის შესახებ. ამდენად, "ევროპული საქართველო ნებისმიერ კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რითაც ჩვენ დამატებით ბერკეტს მივიღებთ ჩვენი ქუთაისელების ინტერესების გათვალისწიბნების მიზნით",- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, თუ კომისიაში ნაციონალური მოძრაობა არ შევა. "ეგ არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, თუ სადმე რაიმე კომისია შეიქმნება, ყველა ოპოზიციურმა ძალამ, თუნდაც თითო წარმომადგენლით, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა", -განაცხადა მან. 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მან კომისიის შესახებ ინფორმაცია ჩვენი საიტის საშუალებით მიიღო. "არანაირი კომისიის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თქვენი საიტით გავიგე, ჩვენთვის კომისიის შემადგენლობაში მუშაობა არავის შემოუთავაზებია", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენეთ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის ბრძანებით კომისია შეიქმნა, რომელიც ქალაქში ქუთაისის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის, მისი შემდგომი განვითარებისთვის. კომისიის წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა