|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"უარი თქვი პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე!"- ქუთაისში აქცია გაიმართება

22 აპრილს, დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“  და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები იწვევენ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან მონაწილეობის მისაღებად გაწმენდის აქციაში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები - ინიციატივიანი მოხალისეები საქართველოდან - სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად პლასტმასის ნარჩენებისგან გაწმენდენ მდინარე რიონის ნაპირებს. აქცია დაიწყება 12:00 საათზე რამდენიმე სხვადასხვა ადგილას - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, მუხნარის მუხის ტყეში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახალგაზრდობის გამზირი #98). მიიღეთ მონაწილეობა აქციაში და შეიტანეთ წვლილი ქუთაისის პლასტმასის ნარჩენებისგან გასუფთავებაში!

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“ წარმოადგენს მეორე გარემოსდაცვით ინიციატივას ქუთაისში, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის შავი ზღვის პროგრამით - ეს იყო პირველი პროექტი, რომელმაც წარმატებით დანერგა პლასტმასის სეპარაციის სისტემა ქალაქის დონეზე. ამჟამად ამ პროექტში მონაწილეობენ პარტნიორები საქართველოდან, მოლდოვადან და რუმინეთიდან. პროექტის მიზანია პლასტმასის და სხვა ნარჩენების რაოდენობის შემცირება მდინარეებსა და შავ ზღვაში.

 იმერეთის სამეცნიერო გაერთიანება „სპექტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ცხაკაია განმარტავს: „ნარჩენები ძალიან აბინძურებს გარემოს. განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს პლასტიკით მდინარეების და ზღვის დაბინძურება, რადგან პლასტიკი ხანგრძლივად ინარჩუნებს მდგრადობას და დიდ საშიშროებას წარმოადგენს  ცოცხალი ორგანიზმებისათვის, კერძოდ, წყლის ბინადრებისა და ფრინველებისათვის. მიკროპლასტიკი ასევე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მეორეს მხრივ, პლასტიკის ნარჩენები მეორადი რესურსია, რომლის გადამუშავება იძლევა ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საშუალებას. ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების ისეთი სახეობების სეპარირების დანერგვას ქ. ქუთაისში, როგორიცაა პლასტიკი, ქაღალდი და მინა. გარდა ამისა, ქალაქ ფოთში 2019 წლის მაისიდან დაიწყება პლასტიკის სეპარირება. და რაც მთავარია, ქუთაისში შეიქმნება საკომპოსტე ცენტრი. ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ნარჩენების მართვის გამოცდილების დანერგვას ჩვენს ქალაქებში“.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ახალგაზრდა მოხალისეები არიან საქართველოდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდობის, განათლების და გარემოსდაცვით საქმიანობაში. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, უპირველეს ყოვლისა, არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ევროკავშირის შესახებ, და ახალგაზრდების ჩართვას საინფორმაციო საქმიანობაში ადგილებზე. მისი ძირითადი ამოცანაა ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარება და დიალოგზე დაფუძნებული საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის უკეთესად აღქმას და გაგებას, და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის მეტად დაფასებას.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის აქციის შესახებ დაუკავშირდით:
ქეთევან ცხაკაია, +995 599570516, spectri@gmail.com

ავტორი: ნიუპრესი