|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა და ვიდეო მონიტორინგი განახლდა

 სამედიცინო პუნქტები მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზესტაფონისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტების გახსნა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ხოლო იზოლატორში დასაქმებული ექიმები  სამედიცინო მომსახურებას აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ადგილზე გაუწევენ. ექიმებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარეს.

"დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნის პროექტის ინიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის დასაწყისში მოხდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასაც ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავდროულად, გრძელდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების განახლების პროცესი.  "2018 წლის ნოემბერში 6 იზოლატორში სრულად განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. დანარჩენ იზოლატორებში ტექნიკის განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის უფრო ეფექტიანად განხორციელებას"-აცხადებენ შსს-ში.

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა