"ვადასტურებ, რომ იყო ზეწოლა, თან ძალიან მწარედ"
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ელეონორა არჩაია მისი შვილის კოტე ცირეკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მეტი კონკრეტიკისაგან თავს შეიკავებს.
"ვადასტურებ, რომ იყო ზეწოლა თან ძალიან მწარედ, უმძიმესი 6 თვე გადავიტანეთ, თუმცა ამის შესახებ წინაასარჩევნო პერიოდში საუბარი არ მინდა, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი"- განუცხადა ნიუპრესს ელეონორა არჩაიამ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა.
ელეონორა არჩაიამ არ ისურვა საუბარი მათი ოჯახის მფლობელობაში არსებული რესტორნების ქსელ "ბარაქასთან" დაკავშირებით არსებულ მუქარაზე. „ლიბერალთან“ საუბრისას კოტე ცირეკიძემ განაცხადა, რომ დედის მისამართით მუქარა ეხებოდა მათი ოჯახის ბიზნესსაქმიანობასაც ,- „ჩვენი ოჯახი რესტორნების ქსელ „ბარაქას“ ფლობს. რესტორანს ძველი დავალიანება აქვს, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ არ გეგონოს ეს დავალიანება შეგრჩესო“.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსის" მფლობელმა კოტე ცირეკიძემ, რომელიც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის ელეონორა არჩაიას შვილია, განაცხადა, რომ სააგენტოს ფუნქციონირებას მასსა და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის გამო აჩერებს. კოტე ცირეკიძემ ზეწოლაში იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი დაადანაშაულა. გრიგოლ დალაქიშვილმა ბრალდებას აბსურდული უწოდა, გიორგი იობაშვილმა კი ზეწოლი კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა მოითხოვა.
ავტორი: ირინა მაკარიძე