|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრში დაბრუნება ჩემთვის აუცილებელი იყო"- ენდი ძიძავა

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" მკითხველს თეატრალების ბიოგრაფიებსა და კარიერულ საქმიანობას გააცნობს. ამჟამად ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობს ენდი ძიძავას წარმოგიდგენთ. 
ძიძავა მესხიშვილის თეატრის სცენაზე პირველად 1986 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი სპექტაკლებში "ბამბაზიის სამოთხე" და "ანა-კარენინა" ნათამაშებმა როლებმა მოუტანეს. 

-პირველად ვისი როლი შეასრულეთ?

პირველი სპექტაკლი,  ფაქტობრივად,  საჩუქარი იყო ჩემთვის. 1985 წელს  ჩავირიცხე თეატრალურში.  მაშინ ერთი ლექცია ოთხსაათიანი იყო. ათი ლექცია რომ გამეცდინა 40 საათიანი გაცდენა მიგროვდებოდა.  თავიდანვე პროტესტი გამიჩნდა პარტიული ისტორიის, ათეიზმის და პოლიტეკონომიის ლექციების მიმართ. ასეთ ლექციებზე არ შევდიოდი.  შევიდოდი ორი- სამი ლექცია და მერე სესიებისთვის ვემზადებოდი. ფილოსოფიის ლექციებიც არ მიზიდავდა,  რაც ძალიან მიკვირს ახლა.  ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა  - რატომ ხდებოდა ეს ასე?   მერე მივხვდი, რომ მაშინდელი მარქსისტული  და ლენინური  ფილოსოფია არ მიზიდავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია ძალიან მაინტერესებს, იმდროინდელი ფილოსოფიის ლექციებიდან მხოლოდ მატერიის თემა მახსოვს კარგად.

იმ წელს,  განათლების ახალი რეფორმა დაიწყო.  თუ კი 7 თებერვლამდე გამოცდები არ გქონდა ჩაბარებული, ინსტიტუტიდან გრიცხავდნენ. მე 23 თებერვალს დავბრუნდი და გავიგე, რომ უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი. მაშინ დასავლეთიდან ჩასულ სტუდენტებს პრორექტორი და ერთ-ერთი საუკეთესო თეატრმცოდნე  ვასილ კიკნაძე ძალიან გვმფარველობდა. როცა გარიცხვის ამბავი გავიგე, მივედი და ვუთხარი.  მიპასუხა, რომ ეს საკითხები უკვე მას აღარ ეხებოდა. „ჩემი  კაბინეტის იქეთ გაარკვიე უკვე ეგ ამბავი“-ო   და მეც წამოვედი ქუთაისში.

-თეატრალურიდან გარიცხვის შემდეგ რა მოხდა?

-გარიცხვის  ამბავი სახლშიც არ გამიმხელია. ჩამოვედი,  ვთქვი,  რომ აკადემიურს ვიღებდი, რადგან იქაურ რეჟიმს ვერ გავუძელი და ბავშვებსაც ვერ შევეგუე.  გარიცხვის ამბავი ჩემს პედაგოგს ავთო სახამბერიძეს, მსახიობებს გურანდა იაშვილს და შაკო კიკვაძეს გავუმხილე მხოლოდ.  მაშინ მოვინდომე,  თეატრში მუშაობა  გამეგრძელებინა, თუნდაც  დამლაგებლის ადგილზე.  დავურეკე სამხატვრო ხელმძღვანელს. ვუთხარი, რომ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი  შეჩერებული სტატუსით და  თეატრში მუშაობის დაწყება მსურდა. როცა მიმიწვია,  ვუთხარი, რომ გამრიცხეს , თუმცა ამ ამბავს არსად ვამხელდი. მან გამატანა პიესა პირველივე დღეს, გადაიკითხე და ხვალ ისევ შევხვდეთო. როცა პიესაზე ვისაუბრეთ,  მკითხა,   რომელი როლი მომეწონა.  მე,  რა თქმა უნდა,  ხელი მთავარ როლს დავადე,  რადგან ჩემი ასაკის გოგონა იყო.  მითხრა: „მე შენ ამ როლს გჩუქნი და დღეიდან ის  შენი იქნება“, გაოგნებული დავრჩი. ეს იყო ედუარდ რაძინსკის პიესა „სიყვარულსა და სიკვდილში არ არსებული “ ,  ჩემი პირველი სპექტაკლი აკადემიურ სცენაზე, რომელიც ქალაქში ძალიან პოპულარული გახდა.

 -გრძნობდით თუ არა პიესის პოპულარობის შედეგს?

- გოგონა ყველასთვის მისაღები გახდა.  ყველა თაობამ  ძალიან შემიყვარა ამ როლის შემდეგ.

-პირველი სპექტაკლის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

-პირველი სპექტაკლის შემდეგ ძალიან დიდი დატვირთვა მქონდა რეპერტუარში. მერე  1993 წელს,  როცა ყველა გაჭირვება ერთად დაატყდა ქვეყანას, როცა ელემენტარულად საარსებო პირობები  აღარ ქონდა ხალხს,  მაყურებელიც  აღარ დადიოდა თეატრში.  ბოლო სპექტაკლი მახსოვს.  საკმაოდ სერიოზულ მასალას ვთამაშობდით.  თვალი მაყურებლისკენ გავაპარე. ერთი კაცი იჯდა წინა რიგებში და ეძინა, ერთი პატარა ბავშვი, რომელიც ახლაც არ ვიცი ისეთი მოცულობის სპექტაკლზე რატომ წამოიყვანეს და სამი ქალი. მივხვდი, რომ ჩემი ოცნების თეატრი ფუნქციას კარგავდა. უნდა წავსულიყავი  და მოკლედ, არჩევანი პირად ცხოვრებაზე  გავაკეთე.  წავედი რუსეთში საცხოვრებლად,  საყვარელ ადამიანთან ერთად.

-როდის დაუბრუნდით თეატრალურ ცხოვრებას?

-თეატრალურ ცხოვრებას 2007 წელს დავუბრუნდი. ეს ჩემთვის აუცილებელი იყო, ვინაიდან ღრმა დეპრესია დამეწყო. ყველაფერი იმაზე მეტი მქონდა, რასაც ვიმსახურებდი,  თუმცა ყველაზე მთავარი, საკუთარი საქმე არ მქონდა. ცნობილი ფაქტია, რომ შემოქმედ ადამიანებს შორის ყველაზე მგრძნობიარე და სათუთი მსახიობია. მსახიობი პროფესიის გარეშე მკვდარია, პიროვნულადაც კი.  ის უბრალოდ, არ არსებობს.  მიუხედავად იმისა, რომ შვილიც გავაჩინე და ფეხმძიმობის შემდეგი დეპრესიის გამკლავებაც ვცადე. ფსიქოლოგებმაც უთხრეს ოჯახის წევრებს, რომ  აუცილებლად მჭირდებოდა საკუთარი საქმე და მე წამოვედი საქართველოში.  მაშინ გიორგი სიხარულიძე ახალი მოსული იყო თეატრში.  ვთხოვე,  ხელი შეეწყო, ვმდგარიყავი სცენაზე. გიორგიმ  სამ დღეში დამირეკა და მითხრა, რომ  „ბამბაზიის სამოთხეში“ მეც ვითამაშებდი. სპექტაკლი 10 დღეში უნდა ჩაშვებულიყო.  ძალიან შევშინდი, არ ვიცოდი, როგორი ვიქნებოდი 15 წლიანი პაუზის შემდეგ. როდესაც პირველ  რეპეტიციაზე დავდექი,  მივხვდი,  რომ ჩემთვის,  როგორც პროფესიონალისთვის,  ყველაფერი დასრულებული იყო. ძალიან გამიჭირდა სცენიდან  თავის აწევა და პარტერისათვის  თვალის გასწორება.  ,,ბამბაზიის სამოთხის“  პირველ სპექტაკლებს  ვინც გაიხსენებს, ყველა იტყვის, რომ ჩემგან გაცილებით მეტს  ელოდნენ  იმიტომ,  რომ 15 წლის უკან,  ძალიან წარმატებული გოგონა ვახსოვდი ქუთაისელ მაყურებელს.
მე,  რეჟისორის ჩანაფიქრის ზემოთ,  არ ვაძლევ საკუთარ თავს იმპროვიზაციის უფლებას, თუმცა, ნელ-ნელა, დროდადრო  გავიხსენი და ვგრძნობდი რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ პარტნიორთან არ მინდოდა  „მეთავხედა“ და ამ შინაგან დუღილში, ჩემი ,,აფხაზი დედა“ მაინც  ჩარჩოებში დარჩა.    ბოლო სპექტაკლებში თამაშმა   დამარწმუნა,  რომ ეს  გმირი სწორ გზაზეა...

 

(კადრები სპექტაკლიდან "ბამბაზიის სამოთხე")

-ანა კარენინას შესახებ რას იტყვით ?


-"ანა კარენინა" ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლია.  ამ საოცარ გმირზე მუშაობის დროს,  თითქოს თავიდან  გავიხსენე  ყველაფერი. როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს, ისე დავიწყე მეც. ზოგადად,  პოსტსაბჭოურ ქვეყნებში,  რუსეთში, ბალტიისპირეთსა და საქართველოში, იქ, სადაც ძალიან მაღალ ხარისხშია თეატრალური ხელოვნება, იქ, სადაც ოსტატობა სტანისლავსკის სკოლით იწყება და რომელსაც ვერ აცდა მსოფლიო ხელოვნების ვერცერთი სერიოზული ვარსკვლავი, რუსულ მასალაზე კარგად ისწავლება.  "ანა კარენინა" ჩემთვის,  როგორც როლი, ნაშრომი და ქალი,  ძალიან  დიდი და მრავალფეროვანია. კარენინამ შემიწყო ხელი,  რომ მთლიანად გავთავისუფლებულიყავი (თეატრალურად ამას ,,გახსნას“ ვუწოდებთ) შემოქმედებითად.

 (სპექტაკლი "ანა კარენინა")

-მაყურებლის რეაქცია როგორი იყო "ანა კარენინას" შემდეგ?

-მაყურებელი ყოველ ჯერზე,  ვიცი,  რომ სასიამოვნოდ ატყუებს მსახიობს. ეს ყველაზე ბუნებრივი ამბავია, თუმცა მე არ ვარ ის მსახიობი, რომელიც ტყუილს ასე ადვილად იღებს. რა თქმა უნდა,  იყო თბილი სიტყვები, მოფერება,  კომპლიმენტი.  მერიდება, როცა ვხვდები,  რომ  მაყურებელი ,,იძულებულია“  მოგატყუოს. გითხრას, რომ  ძალიან კარგი იყავი. ამ დროს სირცხვილისგან რა გავაკეთო, აღარ ვიცი, რადგან  ყველაზე მეტად მე ვიცი, რა გავაკეთე სცენაზე.  მაქსიმალურად განვითარებული თვითკრიტიკა მაქვს.

-თქვენი ბოლო სპექტაკლი „უბედურებაა“ თუ ხართ კმაყოფილი საკუთარი თამაშით?

-ეს იყო ძალიან მოკლე დროში  მომზადებული სპექტაკლი.  თან, იმ პერიოდს  სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები დაემთხვა და  თეატრის განვითარების ოთხწლიან პროგრამაზე ვმუშაობდი.  რასაც ახლა ვიტყვი,  სხვა მსახიობს რომ ეთქვა,  არ მოვუწონებდი. პროგრამას უფრო მეტი დრო დავუთმე.  მინდოდა,  ჩემი საოცნებო თეატრი  ამ პროგრამით, ნაწილობრივ მაინც ამეხდინა. არ ჰქონდა მნიშვნელობა მე გავხდებოდი სამხატვრო ხელმძღვანელი, თუ არა.  ფაქტია, როლზე მუშაობისთვის,  შედარებით ნაკლები დრო დამრჩა.  პიესაზე სულ 3 კვირა ვიმუშავეთ. სამაგიდო რეპეტიციებზე, ლიტერატურული ანალიზის დროს,  როცა პერსონაჟის ფსიქოპორტრეტი იქმნება, რეჟისორისა და ჩემს მიერ,  სულ სხვა გმირი იძერწებოდა. ეს ხაზი არ განვითარდა. საარჩევნო კამპანიის გამო, ფაქტობრივად, ბოლო სამი დღე შევედი სასცენო რეპეტიციებზე. სხვას ვეტყოდი, რომ  ასე  ერთნაირად მნიშვნელოვანი ორივე საქმისთვის,  დრო უნდა გადაენაწილებია.

 

(სპექტაკლი "უბედურება")

-სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაზე საკუთარი თავი  რატომ წარადგინეთ და თუ მიიღო ახალმა ხელმძღვანელმა თქვენი პროექტი?

-დაუგეგმავად წარვადგინე კანდიდატურა. ფოთის ფესტივალიდან ვბრუნდებოდით. იმ დღეების მთავარი თემა იყო,  ვინ იქნებოდა სამხატვრო ხელმძღვანელი და მაშინ მითხრეს მეგობრებმა, კანდიდატურა მეც დამეყენებინა.  მერე რაც მოხდებოდა,  ეს არავინ იცოდა. სამაგალითო პროგრამა უნდა მქონოდა და რამდენიმე დღიანმა შრომამ შედეგი მოიტანა. არ მეგონა, რომ დასი ასე დამიჭერდა მხარს.

იმ პროგრამიდან ჩემთვის მნიშვნელოვანი ალტერნატიული სივრცეა, რომლის პოვნაც, არ აღმოჩნდა ასე მარტივი.  სპეციფიკური არქიტექტურის თავისუფალი შენობები ქალაქში თითქმის  არ არსებობს.  ბევრი ვეძებეთ. იყო შემოთავაზებები,  თუმცა უკეთესი ვარიანტის მოლოდინი გვაქვს.
პროდუქციის შექმნას მესხიშვილში ვაპირებთ და თუმცა ახალ თეატრში წარვადგენთ. მოწვეული სტუმრებითა და ჩვენივე ფინანსებით.

რაც შეეხება ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჩემს პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. თუ მის პროგრამას გადახედავთ, მიხვდებით , რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ერთნაირი გვქონდა. მე და ბატონი კოტე აბაშიძე სტუდენტობის დროიდან მეგობრები ვართ და იცოდა ის, რისი გაკეთებაც მინდოდა.

 -თეატრის პარალელურად ფილმებშიც თამაშობთ, ამ როლებზეც რომ გვითხრათ...

-კი, რამდენიმე ფილმშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული, შემოთავაზებებიც მქონდა,  თუმცა რამდენიმეზე უარი ვთქვი. კამერის და ფოტო აპარატის ფობია  მაქვს.  არ მომწონს საკუთარი თავი ჩანაწერებში.  მეგობრებსაც ხშირად ვსაყვედურობ გადაღებული ფოტოების გამო. მარიამ ღაჭვანის (რომელიც უკვე ძალიან წარმატებული ახალგაზრდა კინორეჟისორია) მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,ბექნუ“ მივიღე მონაწილეობა . იქაც დედის როლი მაქვს და ვთვლი, რომ წარმატებული ფილმი გამოვიდა. მეორე  იყო ,,ბამბაზიის სამოთხე“, შემდეგ ,,გრძელი ნათელი დღეები“, სადაც  დედამთილი ვითამაშე  და   მოწონება დაიმსახურა ჩემმა როლმა.  იყო ,,ანას ცხოვრება“ , ბატონ კოტე აბაშიძის სატელევიზიო სპექტაკლი  ,,ჩაი“  და ბოლოს ,,ჩემი ცოლის დაქალები“ .

(კადრი ფილმიდან "ბექნუ")



(კადრი ფილმიდან "გრძელი, ნათელი დღეები")

 

(სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები)

-ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სერიაში გამოჩნდით, კიდევ იხილავს ნანუნას მაყურებელი?

-დიახ, სამ სერიაში  კიდევ გამოვჩნდები, შედარებით უფრო მოკლე ეპიზოდებში.  პირველ გამოჩენასაც საკმაოდ კრიტიკულად მივუდექი, თუმცა რეჟისორმა მითხრა, რომ საკმარისი იყო და კარგი.

-როგორია ენდი ძიძავას სამომავლო გეგმები, თუ გაქვთ რომელიმე სპექტაკლის, ან სატელევიზიო როლზე შემოთავაზება?

-მაქვს სამომავლო პროექტები თანამოაზრეებთან ერთად. შემოქმედებითად მნიშვნელოვანი და საინტერესო. არ მაქვს უფლება ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერაც არჩევნების პროცესში მქონდა, მოლოდინი გავუცრუო. მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის. მომწონს ეს თანადგომა და შემოქმედებითი წინსვლის პროცესი, რაც აუცილებლად გვექნება.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა