|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მურღულიამ "პარკინგსერვისის" სახით ფულის საჭრელი საკუთარი კანტორა შექმნა"

ქუთაისის მერიის მიერ პარკირების საკითხის მოსაგვარებლად "პარკინგსერვისი"-ს დაარსება და მისთვის საწყისი კაპიტალის სახით 300 000 ლარის გადარიცხვა განსჯის საგანი ხდება. მეტიც, ქალაქის პირველ პირს საკუთარი კანტორის ჩამოყალიბებაში და დაახლოებით ნახევარი მილიონის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი" ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის განცხადებით, შოთა მურღულიამ საკუთარი სურვილი აისრულა და პარკირების ბიზნესი საკუთარ კანტორად გადააქცია, მისივე განმარტებით, ის რაც წამგებიან ბიზნესად მოაჩვენეს ინვესტორებს თავად მომგებიან საქმედ გაიხადეს, თანაც ბიუჯეტის გვერდის ავლით.

"პარკირების თაობაზე, რამდენჯერმე გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ არცერთი ბიზნესმენი არ დაინტერესებულა აღნიშნული თემით, რადგან მაღალი გადასახადი დაუწესეს. ინვესტორს ლიცენზიის მოპოვება 660 000 ლარი უჯდებოდა. ცალკე თემაა იყო, თუ არა ეს რეალური თანხა, მაგრამ ტენდერის არაერთგზის ჩაშლის მიუხედავად მერიამ პირობები არ შეცვალა და იქამდე მიიყვანა საქმე, რომ საკუთარი საწარმო შექმნა, რომელსაც დამატებით გადაუხადა 300 000 ლარი“-აღნიშნავს ქობულაძე. მისი განცხადებით, თავად იყო მერიის მიერ მსგავსი სამსახურის დაწესების ინიციატორი, თუმცა თვლის, რომ მერმა აღნიშნული სამსახური საკუთარ ინტერესებს მოარგო.

„მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი მსგავსი სამსახურის შექმნისა, მაგრამ ამათ სათავისოდ მოირგეს, რადგან მერი "ნიუპრესისათვის" მიცემულ კომენტარში აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან "პარკინგსერვისმა" ბიუჯეტიდან წელს მიღებული 450 000 ლარი და პლიუს 200 000 ლარი უნდა მიიღოს. ამ თანხებს თუ შევკრებთ მივიღებთ რომ მერია მისი საწარმოსგან ზუსტად იმდენს ითხოვს, რასაც ინვესტორს ლიცენზიის მოსაპოვებლად უწესებდა. სად არის ის დარჩენილი თანხა, რაც ბიზნესმენს მოგების სახით უნდა მიეღო? რა გამოდის, ან თვითონ მალავს მოგებას, რაც ამ ბიზნესიდან შემოვა და ეს დაახლოებით წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი იქნება, ან არასწორად დაითვალეს თანხები, რომელიც პარკირების აუქციონის საწყის ღირებულებად დაასახელეს, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი ვერსია უფროა და მერმა და მისმა მეგობრებმა ადგილობრივი ხელისუფლებიდან შექმნეს საკუთარი კანტორა სახელწოდებით: "როგორ მოვიპაროთ მილიონი?", სამწუხაროდ, კვლავ ხდება ქალაქის ბიუჯეტის მითვისება და ამას არავინ აკონტროლებს"-აცხადებს ქობულაძე და მერიის წარმომადგენლებს აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ დებატებში იწვევს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი