"ეს არის ხიდის გაუპატიურება"- რატომ უწუნებენ ქუთაისის მერიას "თეთრი ხიდის" პროექტს?
"გაუმართლებელი ხარჯი", "ერთპიროვნული გადაწყვეტილება" და "ხიდის გაუპატიურება"- ასეთი შეფასებები გააკეთეს არასამთავროვბო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ქუთაისის მერიის მიერ ყოველგვარი განხილვისა და კონკურსის გარეშე "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ორგანიზაციის წევრებს მიუღებლად და უგემოვნოდ მიაჩნიათ პროექტი, რომელიც მერიამ წარმოადგინა, ამასთან გაუმართლებელ ხარჯად მიიჩნევენ ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას იმ სამუშაოსათვის, რომლის არა თუ საჭიროება არ არსებობს, პირიქით, ავთენტურობას დაუკარგავს ხიდს, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სიმბოლოდ.
"არ შეიძლება ხიდის ასეთი გაუპატიურება, როდესაც ხიდი იცვლის სახეს და შემოდის სრულიად გაუგებარი ელემენტი - მინის იმიტირებული თეთრი ქვების სახით, რასაც მე ვუწოდებ სრულიად გაუგებარ, იაფფასიან კიჩს, რომელიც დააუშნოებს ამ ხიდს. ჩვენ ამის გამო ყველას გული გვტკივა,"-განაცხადა მხატვარმა ირაკლი ჩოგოვაძემ.
ორგანიზაციის წევრები ნახევარ მილიონი ლარის დახარჯვას ამ პროექტისათვის გაუმართლებელი ხარჯად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც, მათი თქმით, ქუთაისში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.
"ხიდის რეაბილიტაცია ბოლოს 2011 წელს მოხდა, მერიამ ხელშეკრულება კომპანიასთან - შპს "აზუ" გააფორმა 15 წლანი გარანტიით, და თუ რაიმე შესაკეთებელია ხიდზე, ამ კომპანიას უნდა მიმართოს. შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ათეული ხის ფიცარის შეცვლა, რაც ნახევარ მილიონ ლარს ნამდვილად არ საჭიროებს. ხის საფარი, რომლითაც არის ხის სავალი ნაწილი მოპირკეთებული, არის სრულიად მისაღები, ეს არის აკაცია, რომელიც უძლებს ტენიანობას", - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ფსიქიატრი ვახტანგ სიხარულიძე.
მისი თქმით, უვიცობის გამოხატულებაა "თეთრი ხიდის" თეთრ ქვებთან დაკავშირება და ამის გამო ხიდზე თეთრი ქვების იმიტაცის გაკეთება, რადგან ხიდის სახელი თეთრ ქვებს არ უკავშირდება. ეს სახელი ლითონის კონსტრუქციის შეფერილობასთანაა დაკავშირებული, რომელიც ხიდისათვის საფრანგეთიდან ჩამოიტანეს.
ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ორგანიზაციის განცხადებას არქიტექტორმა გია ხუჯაძემ უპასუხა.
შეგახსენებთ, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2 აპრილს სრულდება.
"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ლითონის კონსტრუქციების გამაგრებას, ფეხით სავალი ნაწილის არსებული ზედაპირის გამოცვლას და მასზე თეთრი ქვების იმიტირებული დეკორატიული ელემენტების განთავსებას -ქვის გარშემო მინის იატაკის გამოყენებით. იგეგმება ხიდის მიმდებარე გრანიტის ფილების შეცვლა და ახლის მოწყობა.
"თეთრი ხიდი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები შეთანხმებულია სსიპ "კულტური მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან".
სამუშაოების პროექტირება არქიტექტორებმა გია ხუჯაძემ და თემურ ფხაკაძემ შეასრულეს. "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის ინიციატივა ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ეკუთვნის. სამუშაოებს სრულად ქუთაისის თვითმმართველობა დააფინანსებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე