|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს იყო ძალიან დიდი სიხარულის დღეები" - "სიმართლე"- მესხიშვილის თეატრში

ღალატი, სიყვარული, მეგობრობა - ამ მარადიულ თემებზეა სპექტაკლი, რომელიც მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა მცირე სცენაზე ჩვეული ოსტატობით წარმოადგინეს.

 სპექტაკლში დავით როინიშვილი, სოფიო ჩირაძე, ნინო ჭოლაძე და გიორგი შალამბერიძე მონაწილეობენ. 

"სიმართლე" - ასე ქვია ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის ტრაგიკომედიას, რომელშიც ყველა ცრუობს.  

 "ეს არის თანამედროვე იგავი იმაზე, თუ სადამდე შეიძლება მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ტყუილში ცხოვრობენ. სადაც ყველა ტყუის, იქ ბედნიერების ადგილი არ არის.  არავინ ჩაგვიწერდა ათ მცნებაში "არა იცრუო", რომ  ეს თემა მარადიული არ ყოფილიყო"- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი.

როგორც მან განაცხადა, ეს სპექტაკლი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მსახიობებისათვის მათი ოსტატობის წარმოსაჩენად.

"აქ რამდენიმე ჟანრია თავმოყრილი, თანამედროვე ვოდევილიდან დრამატულ სცენებამდე, ძალიან დიდია ჟანრული ამპლიტუდა. იმის მიღწევა, რომ სპექტაკლი ერთდროულად სასაცილოც იყოს, დამაფიქრებელიც და შემაძრწუნებელიც კი, ძალიან რთულია.  ეს ჩვენმა მსახიობებმა საოცარი სიმსუბუქით  მოიტანეს მაყურებლამდე.  კარგად ვიცნობ ამ დასს, დათო როინიშვილს, გიორგი შალამბერიძე ჩემი ყოფილი სტუდენტია, ბედნიერი ვარ, რომ პირველად შევხვდი სცენაზე ნინო ჭოლაძეს და სოფო ჩირაძეს. ეს იყო ძალიან დიდი სიხარულის დღეები, როდესაც რეპეტიციაზე ვიკრიბებოდით",-აღნიშნა  რეჟისორმა.

 "სიმართლე"  გიორგი შალუტაშვილისთვის  მესხიშვილის თეატრში  რიგით მეოთხე ნამუშევარია. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა