|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

"ეს საჩუქარი ეკუთვნის ჩემგან მშობლიურ ქუთაისს "-დავით ღვინიანიძე

ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი იმართება. მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი საოპერო მომღერალი დავით ღვინიანიძე არის, რომლის ორგანიზებითაც ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისს, ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები ეწვევიან. წარმატებული  საოპერო მომღერალი, გვიმხელს, რომ ოპერით ბავშვობიდან არ ყოფილა დაინტერესებული, თავისი შემოქმედება ამ ჟანრს სკოლის დასრულების შემდეგ დაუკავშირა და საკუთარი გადაწყვეტილება მშობლებთან დადებული ულტიმატუმით გაამყარა.

მომღერალი ოპერაზე, შემოქმედებით გზაზე არსებულ გამოწვევებსა და წარმატებებზე „ნიუპრესს“ ესაუბრა.

–საოპერო ხელოვნებით ბავშვობაში არ ვიყავი განებივრებული  და არც გატაცებული ვიყავი ძალიან, მაგრამ 6 წლიდან ვმღეროდი საესტრადო ნაწარმოებებს. სკოლის დასრულების შემდეგ, ლოგიკური გამოთვლით გადავწყვიტე, რომ უნდა ჩამებარებინა კონსერვატორიაში.  თუ ხმას დავამუშავებდი კლასიკურ ვოკალში ვიცოდი, საესტრადო მუსიკას უკეთ შევასრულებდი და რაც მნიშვნელოვანია, ვიცოდი, სცენის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.  ჩემმა მშობლებმა არ მომცეს უფლება ჩამებარებინა კონსერვატორიაში.  მათ ჩემი გადაწყვეტილება გაოცებულებმა მიიღეს, რადგან არ იცოდნენ,  საიდან უნდა ქონოდა მათ შვილს საოპერო ხმა, როდესაც ოჯახში პროფესიონალურად არავინ მღეროდა. ამიტომ დამიდეს ულტიმატუმი.  თავიდან ჩამებარებინა სხვა სპეციალობაზე და შემდეგ ჩამებარებინა კონსერვატორიაში. ეს იყო ჩემი ულტიმატუმიც, თუ არ მომცემდნენ სიმღერის უფლებას ,არსად ჩავაბარებდი. მოვილაპარაკეთ, რომ პირველ წელს ვაბარებდი პოლიტექნიკურში, შემდეგ კონსერვატორიაში.  ჩავაბარე მეღვინეობის განხრით, შემდეგ ქუთაისის კონსერვატორიაში და დავირიცხე ბატონი გიორგი ლომთაძის კლასში. შემდეგ ძალიან ბევრი ძიება იყო ცხოვრებაში, რომ რაღაც მიმეღწია.  ბევრი გამოცდილი პედაგოგი იყო ჩემს ცხოვრებაში და ბოლოს ძალიან დამეხმარა პედაგოგი ალექსანდრე ხომერიკი.

–პირველი სპექტაკლი თუ გახსოვთ და რომელიც თეატრის სცენაზე შეასრულეთ?

–რა თქმა უნდა, მახსოვს, ქუთაისის ოპერაში შევასრულე არტურის როლი  "ლუჩია ლამერმურიდან' ამ სექსტეტით წავედით თბილისის ფილარმონიაში. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა. ამის შემდეგ გადავედი ბათუმის ოპერაში.

–როდის მიიღეთ საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება?

–წავედი, რადგან შემოქმედებითი ასპარეზის განვითარება გადავწყვიტე.  იყო მოწვევა ინგლისიდან,  შვეიცარიიდან და რუსეთიდან.  მე ამოვირჩიე რუსეთი და  ჩავირიცხე თეატრის ახალ საოპერო  დასში. შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა, ბევრი კონკურსის ლაურეატი გავხდი, დავაარსე ჩემი კომპანია და ასე აეწყო საქმიანობა.

–მეღვინეობას რა ბედი ეწია?

–არაფერი, დავამთავრე წითელ დიპლომზე და ვაჩუქე მამას, რადგან მას ძალიან უნდოდა მეღვინე გამოვსულიყავი, და მე შევუდექი ჩემს გზას. აქამდე რომ მოვსულიყავი დიდმა გზამ გაიარა. იყო დიდი შრომა. ყველა წარმატება "სისხლის გაღების" საფუძველზე მოვიდა და ეს შემართება დღემდე მომყვება.

 ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა მარტივად. ბევრი ძნელი გზა გავიარე იმისთვის, რომ ასეთი ორგანიზაციის პრეზიდენტი ვარ, როგორიც არის "მსოფლიო ტალანტები“. ჩემი ორგანიზაცია გამოდის სხვადასხვა ქვეყანაში და ღონისძიბებს ატარებს. კარნეგი ჰოლში შეგდება პირველი კონცერტი „მსოფლიო ტალანტების“. ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ ჩემს საყვარელ ქვეყანაში აშშ–ში დავაფუძნე და გავხსენი ცენტრი. ამის შესაძლებლობა მომცა ამერიკამ.   ამ ფესტივალის შემდეგ მივემგზავრები დიდ ტურნეში,  რის შემდეგაც მოხდება ცენტრის გახსნა, სადაც იქნება ჩემი საკონცერტო დარბაზები და მომეცემა საშუალება ვაკეთო დიდი საქმე ქართველებისთვის.  მალე ქართული კულტურის დღეები დაარსდება ამერიკაში.

–ფესტივალზეც, რომ ვისაუბროთ, წლების შემდეგ დაბრუნდა ფესტივალი, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ვინ არიან მონაწილეები?

–ყველა სირთულე იყო დაკავშირებული საორგანიზაციო საქმესთან.  მომღერლებთან არ გვქონია სირთულეები, ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ყოველთვის იღებენ მონაწილეობას ჩვენს პროექტებში.  გაზაფხულზე გვინდოდა გაკეთება,  მაგრამ მომღერლებთან ვერ მოხდა დროში შეთანხმება,  ამიტომ გადავწიეთ,  რადგან არ მინდოდა კარგი ტენორის, რაულ მელოს გარეშე შემდგარიყო. დიდი შრომა გავწიეთ და მოხერხდა ფესტივალის ორგანიზებაც.

ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები იქნებიან - თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი,მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი.

16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და სხვადასხვა სპექტაკლი გათამაშდება.

–წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდებით პროექტით, რომელიც ყველა ქალაქს დაამშვენებდა, ალბათ ეს ქუთაისთან თქვენი დამოკიდებულების შედეგია, როგორია თქვენი მოლოდინი და სამომავლო გეგმები ფესტივალთან დაკავშირებით?

–ეს რომ არ იყოს მნიშვნელოვანი ამდენ ენერგიას,  შრომას და თანხას ჩავდებდი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.  ეს საჩუქარი  ეკუთვნის ჩემგან მშობლიურ ქალაქს,  საოპერო თეატრს. მინდა,  მადლობა გადავუხადო ყველას ვინც თეატრში მუშაობს, ხელმძღვანელობიდან დაწყებული სცენის მუშაკებით დასრულებული.  ფესტივალის ახალგაზრდა მხარდამჭერთა  გუნდს,  ყველა ადამიანს ვინც ჩართული იყო და მედიას. ასეთი ლამაზი რაკურსი,  რომელიც აირჩიეთ ჩვენი ფესტივალის მიმართ, არის დიდი წარმატების საფუძველი.

ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.  ბევრმა დაგვიჭირა მხარი. გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ.  ეს ფესტივალი არის მხოლოდ დასაწყისი.  ახლა ქალაქი სწავლობს ჩვენი მხარადჭერით, როგორ უნდა გააკეთონ ეს ფესტივალი. წლების წინ ,  ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში,  ახლა აღდგა და ხდება  სხვა ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი