|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევა ხუტუნაშვილის 70 წლის იუბილე მესხიშვილის თეატრში პრემიერით აღინიშნა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ევა ხუტუნაშვილის 70 წლის იუბილე ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერით აღინიშნა. ჟან კოქტოს მონო სპექტაკლის  "ადამიანის ხმა"  რეჟისორი და ერთადერთი როლის შემსრულებელი იუბილარი გახლდათ. 

"48 წლის წინ შემოვდგი ფეხი ამ სცენაზე, მას შემდეგ აქ ვარ. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ქუთაისელი", - მიმართა მაყურებელს მსახიობმა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. 

 მსახიობის შვილი ოჯახით სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. როგორც პაპუნა ხუტუნაშვილმა აღნიშნა, 24 წელია, დედა სცენაზე არ უნახავს, შვილიშვილებმა კი ბებია სცენაზე პირველად იხილეს.

"ჩემთვის საამაყოა, რომ ქუთაისში თეატრის წინ დედაჩემის ვარსკვლავი არის, შვილიშვილებმა ბებო დღეს პირველად ნახეს სცენაზე. მათი სურვილიცაა, რომ მსახიობის პროფესიას დაეუფლონ"- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მსახიობის შვილმა პაპუნა ხუტუნაშვილმა.

"დღეს არ არის მხოლოდ პრემიერა, ეს არის ქალბატონი ევას 70-წლის იუბილე, ვულოცავ მას. ის გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი. მინდა, რომ ძალიან დიდხანს ამშვენებდეს ამ სცენას. სპექტაკლი თვითონ დადგა, ჩვენც ვენდეთ, რადგანაც ვიცით, მისი გემოვნება, ეს სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში და ვისაც ეს ხელოვნება უყვარს, კვლავაც შეეძლება მისი ნახვა", -განაცხადა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა. 

 მსახიობს იუბილე მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა, კოლეგებმა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა მიულოცეს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე