|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს აქვს"

 "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ  ინფორმაცია მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს აქვს" - ამის შესახებ იმერეთის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომელიც  ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ ქუთაისში გამართა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს იმერეთის მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21 – ე თავის – "რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე" შესახებ.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას თქმით, აღნიშნული ინიციატივა საჭირო და საინტერესოა. მისივე თქმით, შეხვედრებზე საკითხთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განიხილება.
 
„პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ შეხვედრებს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ისე არასამთავრობო სექტორთან და მოქალაქეებთან. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია. თუ მოვიშველიებთ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოების ნაწილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში, სამწუხაროდ, მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს აქვს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. თავად სამოქალაქო საზოგადოებიდან ინტერესი მაღალია, რაც მსგავსი პროექტების განხორციელების საჭიროებაში გვარწმუნებს,“-განაცხადა ხუხუამ.
 
პროექტი იმერეთის გუბერნიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო“ თვითმმართველობებს მუშაობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მრავალფეროვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს დაკისრებული ვალდებულებების შესახებ. ორგანიზაციამ პროექტის განხორციელება, რომელიც 6 თვე გაგრძელდება, 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო.
 

ავტორი: ხატია ბანძელაძე