|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს  პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.


დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს.

დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. 


რაც შეეხება ვადებს, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა დღეს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ხელმოწერას 1-ელ ან 2 მარტს ელოდება, გადაწყვეტილების ჟურნალში გამოქვეყნებას კი 10 მარტამდე. პროცედურით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 20 დღე მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ ძალაში შევიდეს.

ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

ავტორი: ნიუპრესი