|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფილმზე მუშაობა ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო“-დათო როინიშვილი

„ჯინსების თაობა“ ახალი ინტერპრეტაციით კვლავ გაცოცხლდა. თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდების ლეგენდად ქცეული ამბავი ფილმად გადაიქცა, თუმცა  „მძევლები“, როგორც მათი პროტოტიპების ამბავი, განხილვის საგანი გახდა.

საზოგადოების ნაწილისთვის რეჟისორის ხედვა მისაღები, ემოცია კი საკმარისი აღმოჩნდა. ნაწილმა  ფილმი მთავარი იდეის არ ქონის გამო დაიწუნა.

1983 წლის მომხდარი ამბავი რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ფილმად  საკუთარი და დრამატურგ ლაშა ბუღაძის სცენარის მიხედვით გადაიღო. გადაღებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ–ერთ ლოკაციად შერჩეული იყო წყალტუბო, სადაც მთავარი გმირების ქორწილის სცენა მოეწყო.

ფილმში სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც რეჟისორმა კონკურსის მიხედვით შეარჩია. მათ შორის მოხვდნენ ქუთაისის მესხიშვილის მსახიობები. თითქმის მთელი დასი მონაწილეობდა მასიურ სცენებში, რისთვისაც გადამღები ჯგუფის მადლობა დაიმსახურეს. ეპიზოდური როლი ითამაშა მესხიშვილის თეატრის მსახიობმა დათო როინიშვილმა. მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ფილმში თამაში ორმაგად ემოციური იყო, რადგან ამბავი, რომელიც მის ახალგაზრდობას უკავშირდება, დღემდე მძიმე განცდებს იწვევს.

„ამბავი, რომელზეც ფილმი გადავიღეთ, ჩემი ახალგაზრდობის თემაა, ასევე არის უმძიმესი ამბავი, რომელიც დღემდე მოგვყვება.  თავისუფლება, ქვეყნიდან გასვლა, ახალგაზრდების აუხდენელი ოცნებად დარჩა, თუმცა მათ იმ დღეს მეტი რამ შეძლეს, ვიდრე საზღვრის გადაკვეთა. ამიტომ გადასაღებ მოედანზე ყოფნა ორმაგად ემოციური იყო ჩემთვის. გადასაღებ მოედანზე ვგრძნობდი, რა მდგომარეობაშიც იყვნენ და რა მძიმე წუთები გამოიარეს. ძალიან მძიმე ეპიზოდებია ფილმში, რომელსაც ჩემი აზრით, მაყურებლის დიდი მოწონება  ექნება. რა თქმა უნდა, მოყვება კრიტიკა, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ ეს აუცილებელია. თუ ფილმზე საუბარს იწყებენ, ეს უკვე კარგია. ეს არის რეალურ მოვლენებზე აწყობილი ფილმი და მთავარი ხაზიც მას უნდა გაყოლოდა. რომ ყოფილიყო სხვა ამბავი, იქნებოდა მეტი რომანტიზმი, მაგრამ ეს უკვე განსაზღვრული ამბავი იყო ცნობილი  ფინალით“, –განაცხადა დათო როინიშვილმა.

თავად ფილმში რეჟოსორის თხოვნით მოხვდა. რეზო გიგინეიშვილმა, რომელთანაც იქამდე სხვა ფილმში ითამაშა, თხოვა, ეპიზოდური როლი შეესრულებინა.

„რეზოს მოსკოვში შევხვდი. ერთ–ერთ ფილმში ვთამაშობდი. შემდეგ, როდესაც ფილმზე მუშაობა დაიწყო, მთხოვა ეპიზოდური, მაგრამ დასამახსოვრებელი როლი მეთამაშა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი - განვასახიერე ერთ–ერთი ახალგაზრდის ოჯახის ნათესავი, რომელიც ჩართული ამ ამბებში იყო და  იცოდა, რაც ხდებოდა.  ფილმში ჩემს გარდა ითამაშა მესხიშვილის თეატრის თითქმის მთელმა დასმა. მასიურ სცენებში მიიღეს მონაწილეობა, რასაც გადასაღებ მოედანზე აპლოდისმენტები მოყვა. რეზო გიგინეიშვილი გაოცდა, როცა გაიგო, რომ მასიურ სცენებში, არა ქუჩიდან მოყვანილი ადამიანები, არამედ პროფესიონალი მსახობები იყვნენ. მან გადაღება შეაჩერა და გადასაღებ მოედანზე ყველას თვალწინ გადაუხადა მადლობა დასს, რასაც აპლოდისმენტები მოყვა"-იხსენებს მსახიობი.

ის მოხიბლულია ახალგაზრდა რეჟისორის პროფესიონალიზმით: "ზოგადად, რეზო არის ძალიან მაგარი რეჟისორი, რომელმაც იცის, როგორ აიყვანოს ხელში გადასაღები მოედანი, როგორ გააერთიანოს ყველა და გადასდოს ყველას განწყობა, ის გადასაღებ მოედნებზე  სიურპრიზებს უწყობს მსახიობებს. მისთვის ყველა თანასწორია, რაც აისახება მუშაობაზე“–აცხადებს როინიშვილი.

მისი თქმით, ახალგაზრდა მსახობებმა კარგად გაართვეს თავი როლებს და გაითავისეს იმ ადამიანების განცდები, რომელთა შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან. მისივე თქმით, ფილმი ახალგაზრდებს აჩვენებს, რისთვის იბრძოდნენ თანატოლები.

„ახლა არ არის პრობლემა საზღვრის გადაკვეთა, არ არის თავისუფლების პრობლემა, რის გამოც ახალგაზრდებს ვერც წარმოუდგენიათ, რომ ეს აკრძალული იყო, ამიტომ ვფიქრობ, ფილმი კიდევ ერთხელ დააფიქრებს მათ და შეეცდებიან გაგვიგონ, რა მდგომარეობაში გვიწევდა ცხოვრება მამების თაობას“, –განაცხადა დათო როინიშვილმა.

  

 

ფოტოზე: კადრები ფილმიდან "მძევლები"

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა