|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსწავლეზე და სკოლის კედლებს გაცდენილი დავა

ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის ნომერ მე-2 საჯარო სკოლაში მშობელსა და მასწავლებელს შორის დაწყებული დავა სკოლის კედლებს გასცდა და საქმის შესწავლაში განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი  და სოციალური სამსახური  ჩაერთო.

დავა სასწავლო პროცესის დროს ჭადრაკის შესწავლის ნაცვლად "ქერის უბნის" ნახვას მოჰყვა. როგორც მოსწავლის მშობელი "ნიუპრესთან" საუბარში იხსენებს, მან მასწავლებელს სთხოვა, მის შვილის გაკვეთილზე სასწავლო საგნების გარდა, სხვა პორტალზე წვდომა არ ჰქონოდა.

მ.პ.(მოსწავლის იდენტიფიცირებას არ ვახდენთ) მეორე კლასის მოსწვალეა და ქუთაისის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. როგორც ბავშვის მშობელი ა. კოპალიანი გვიყვება, გასული წლის ნოემბერში მისი შვილი სკოლიდან სახლში დაბრუნდა და დედას უთხრა, "შენ, რომ არ მაყურებინებ "ქერის უბანს", მე მაინც ვუყურე სკოლაში". როგორც ბავშვმა დედას უამბო, ჭადრაკის მასწავლებელმა ბავშვებს სიჩუმის სანაცვლოდ უფლება დართო, "ბუქებში" რაც უნდოდათ, ის ეყურებინათ. ბავშვის ნაამბობმა დედის უკმაყოფილება გამოიწვია და მეორე დღეს ჭადრაკის მაწავლებელს, ნათია ბედიაშვილის სთხოვა, მსგავსი ფაქტი არ განმეორებულიყო.

"გავოგნდი, როდესაც ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ამ გადაცემას უყურა, რადგან ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას მსგავს სატელევიზო გადაცემებს ადევნოს თვალი. ამიტომ, მეორე დღეს შვილი სკოლაში რომ მივიყვანე, მასწავლებს ვთხოვე, იქნებ გაეკონტროლებინა, რადგან მირჩევნია ბავშვმა სკოლაში განათლება მიიღოს და არ დაკარგოს დრო  მსგავსი გადაცემების ნახვაში, რასაც მასწავლებლის უკმაყოფილება მოყვა და გაბრაზებულმა გააპროტესტა ჩემი შენიშვნა. მომდევნო გაკვეთილზე კი, ბავშვზე კლასის თანდასწრებით ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. სკოლაში რომ მივედი ჩემი შვილის წამოსაყვანად, მისი ერთ–ერთი კლასელი შემხვდა დერეფანში და მითხრა: იცით, თქვენს გამო მასწავლებელმა დღეს მ. პ. ეჩხუბაო". ვერ მივხვდი, რას ამბობდა. შევედი კლასში და ჩემი შვილი განერვიულებული დამხვდა. მითხრა, რომ მასწავლებელმა დატუქსა გაკვეთილზე, „დედაშენი მოვიდა და საყვედურებით ამავსო, ამდენი წელია სკოლაში ვმუშაობ მსგავსი არავის უთქვამსო“. ბავშვმა მისაყვედურა, რომ "ჩემს გამო კლასის თანდასწრებით შეარცხვინეს“ და რომ სკოლაში არ წამოვიდოდა. რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენე დამრიგებელი და დირექტორი. დირექტორმა მითხრა,  მიმეყვანა ბავშვი მასთან, რომ  გასაუბრებოდა. ჩემი შვილი ძალიან ემოციურია.   მით უფრო ამ მდგომარეობაში  დირექტორთან წაყოლაზე არ დამთანხმდა და ტირილი დაიწყო.  დირექტორს რომ ვუთხარი, რომ  ბავშვს მისი ეშინოდა, გაბრაზდა, როგორ თუ ეშინია, თურმე ბავშვები მას ეხვევიან და სიყვარულით ესალმებიან. ამიტომ, აქეთ დამადანაშაულა, რომ მე და ჩემს შვილს ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები გვქონდა და ამიტომ არ მიმყავდა ბავშვი მასთან. მითხრა, რომ ჩემი შვილი ჩემგან არის დასაცავი.

 თუ მას სურდა რეალურად გაეგო, რა მოხდა, შეეძლო მეორეკლასელ ბავშვთან თავად ჩასულიყო და გასაუბრებოდა. რატომ ელოდებოდა, რომ ბავშვი მიაკითხავდა კაბინეტში? მაგრამ ასე არ მოიქცა", – აცხადებს  ა.კოპალიანი.

 როგორც მეორეკლასელი ბავშვის მშობელი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, აღნიშნული ფაქტის გასაჯაროების შემდეგ სხვა მშობლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები მასწავლებლის მიმართ.  უთხრეს, რადგან მან ხმა ამოიღო ისინი მხარში დაუდგებოდნენ. როგორც გაირკვა, იმავე მასწავლებელთან შენიშვნა ჰქონდა ერთ–ერთ მშობელს, რომლის ბავშვიც ნათია ბედიაშვილმა არაერთი თხოვნის მიუხედავად საპირფარეშოში არ გაუშვა და ბავშვს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გაკვეთილზე  მოუხდა.  ამის გამო მშობელმა  განცხადება სახალხო დამცველის სახელზე დაწერა და მომხდარის გამოძიება მოითხოვა.  დღეს ის, ამ თემაზე საუბარისგან თავს იკავებს. ა.კოპალიანი თვლის, რომ მშობელს სკოლის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და საქმის შეწყვეტა მოსთხოვა. ასევე კრებაზე ერთ–ერთმა მშობელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ნათია ბედიაშვილმა მის შვილს თმებზე მოქაჩა, რაზედაც დირექტორმა გაკვირვებულმა იკითხა: „განა თქვენ არ ჩეჩავთ თქვენს შვილებს, ნუთუ ეს დანაშაულია, თქვენ ერთ შვილს ვერ უმკლავდებით სახლში ისე, რომ არ სცემოთ და  რა ქნას მასწავლებელმა 24 ბავშვთან?“..

 

 კოპალიანის თქმით,  ამ ამბების შემდეგ ბავშვი ორი კვირის განმავლობაში სკოლაში  წასვლაზე უარს აცხადებდა. საქმის განხილვა კი სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა დაიწყო.

"მომხდარი ამბების შემდეგ ჩემი შვილი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებდა, რადგან ეშინოდა, რომ მასწავლებელი ისევ წაეჩხუბებოდა. ამიტომ დირექტორს მივმართე განცხადებით, ვიდრე საქმის შესწავლა მიმდინარეობდა, ნათია ბედიაშვილი დროებით არ შესულიყო კლასში. ფაქტმა, რა თქმა უნდა, დირექტორის უკმაყოფილება გამოიწვია და მან მითხრა, რომ დაიღალა ჩემი განცხადებების მიღებით და რომ მეორე განცხადებას არ მიიღებდა. ასევე მითხრა, რომ მე არ მენდობოდა და მოწმეების  გარეშე არაფერს მეტყოდა. მოწმეებად კი მოადგილე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მოიყვანა.  მათი თანდასწრებით მითხრა, რომ ვარღვევ მასწავლებლის უფლებებს და ჩემი შვილი ჩემგან არის დასაცავი. დამადანაშაულა, რომ  ბავშვი არ ავიყვანე მასთან, რადგან ჩემი და ჩემი შვილის მოსაზრებები განსხვავდება ერთმანეთისგან. შემდგომ მოიწვია კრება და მშობლების თანდასწრებით საქმის გარჩევა დამიწყეს, თუ როგორი ცუდი დედა ვიყავი. ფიზკულტურის მასწავლებელმა, გოჩა კაკაურიძემ (დისციპლინარული კომიტეტის წევრი) კი თითის ქნევით მომმართა, "სად არის შენი ქმარი მომიყვანე ერთი, უნდა ვკითხო ქალს ამდენს რატომ ალაპარაკებსო?!".

ეს ხომ არის მუქარა და კონფლიქტის გამწვავების მცდელობა. კლასის დამრიგებელმა მთხოვა, არ დამერეკა მეუღლისათვის, რადგან, ეს მდგომარეობას გაამწვავებდა. დისციპლინარული კომიტეტის მდივანმა ანა გოგავამ კი ეს იმით ახსნა, რომ   გოჩა კაკაურიძე ქუთაისელი კაცია და კაცთან კაცურად საუბარი სურდა.

მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა საქმის არსში გარკვეული, ყველა ჩემს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, რომ თურმე როგორი ამაზრზენი ვარ, რომ ჩემი შვილის უფლებებს ვიცავ. ნათია ბედიაშვილმა ისიც კი მკითხა, სად გაიზარდე, ასე რომ იქცეოდიო და როგორ მივაყენე შეურაცხყოფა მას, რომელიც ქუთაისში ცნობილ და სახელოვან ოჯახშია გაზრდილი", – აცხადებს ა. კოპალიანი. 

რა პასუხს ცემს  პედაგოგი მშობელს?

 

ნათია ბედიაშვილი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამჟამად  ბიულეტენზე იმყოფება. „ახალი გაზეთი“ მას ტელეფონით დაუკავშირდა.  ის  უარყოფს მისი მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ გაკვეთილზე ბავშვები საგნის გარდა სხვა საკითხებით არ არიან დაკავებულები.

"ჭადრაკს ბავშვები ელექტრონულად სწავლობენ, ზოგჯერ ჭედავს კომპიუტერი. შეიძლება, ასე მოხდა.  გაჭედვის დროს ბავშვმა ჩუმად ჩართო სხვა საიტი. თუ ინდივიდუალურად არ მივედი ბავშვთან, ვერ გავიგებ, რას აკეთებს. როცა გაჭედილია კომპიუტერი, ბავშვებს ვაფრთხილებ, ვიდრე არ მივალ და არ გავუსწორებ, ნუ გადართავენ. როგორც ჩანს, ეს ბავშვი მანამდე ცდილობდა და გადაურთავს მულტფილმზე და ნახა  რამდენიმე წამით. მინდოდა ამეხსნა მშობლისთვის, რაც მოხდა, მაგრამ ამ მშობელმა შენიშვნა მომცა და ჩხუბი დაიწყო.  ამიტომ ბავშვებს ვუთხარი, რომ არ გადაერთოთ სხვაგან, რადგან მათ მშობლებსაც მ.პ. მშობლის მსგავსად შენიშვნა ექნებოდათ. ეს თუა ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ ვიცი და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მისცე ადამიანი, ეს ქვეყანა ჩალით ყოფილა დახურული.  არც ბავშვის საპირფარეშოში არგაშვების ფაქტი  ყოფილა. არ გამიგია, თუ ითხოვა, როგორც თვითონ ბავშვმა გვიამბო, მან ძალიან ხმადაბლა ვთქვა და შეიძლება, ვერც გაიგონა მასწავლებელმაო, თან ვერ იხსენებდა, ეს ჩემს გაკვეთილზე მოხდა თუ ინგლისურის მასწავლებელთან.

 

სხვაობა დიდია არ გაშვებასა და ვერ გაგონებას შორის. მეცოდებიან ეს ბავშვები ასეთი მშობლის ხელში, ისეთი ცოდვები არიან, პირდაპირ, არ ვიცი. თვითონ თრგუნავს საკუთარ შვილებს. როდესაც თვითონ დამიწყო დადანაშაულება, მე ამის შემდეგ არგუმენტად ვუთხარი, რომ მოეკითხა, როგორი ოჯახის შვილი ვიყავი. ბავშვებს, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ჭადრაკი, ისე ვასწავლე, რომ დღეს ფრინავენ და ბავშვები სიხარულით მხვდებიან.

 ეს საქმე სოციალურმა აგენტებმა შეისწავლეს და ერთ-ერთმა აგენტმა ასე თქვა: მასწავლებელმა სახაზავი გადაამტვრია  ჩემს შვილს თავზე და ასეთი ამბავი მე არ ამიტეხავსო. დისციპლინარულმა კომიტეტმა უბრალოდ გამაფრთხილა, რომ მეტი ურთიერთობა მქონდეს მშობლებთან, სხვა არაფერი ყოფილა", –განაცხადა ნათია ბედიაშვილმა.

 არღვევს თუ არა ბავშვის უფლებას სკოლის დირექტორი?

ა.კოპალიანის ნერვიულ მდგომარეობაზე საუბრობს სკოლიც დირექტორიც. მურად ჯიშკარიანის განცხადებით, ა. კოპალიანი როგორც კი დაბრკოლებას წააწყდება,  ჩხუბზე გადადის.

"საქმეში ყველა უწყება ჩაერთო, პოლიციამ საქმე დახურა, რადაგან არ არსებობდა საკმარისი არგუმენტები იმისა, რასაც ეს ქალბატონი ამბობს. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ნათია ბედიაშვილმა დისციპლინარული გადაცდომა მოახდინა, უბრალოდ, ის, შევიდა კონფლიქტში მშობელთან, რომელიც არის ძალიან ნერვიული, როგორც კი დაბრკოლებას წააწყდება, ეგრევე ჩხუბს იწყებს. ამიტომ ვუთხარი, რომ ასეთ მდგომარეობაში მისგან არის მისი შვილი დასაცავი. მან არ ჩააყენა სკოლა საქმის კურსში, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემა თუ  ჰქონდა. მის თქმით, ბავშვს  4 წლის ასაკში სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ამბობდა, ფანჯრიდან გადავხტები და თავს მოვიკლავო. ეს ყველაფერი დედამისმა გვითხრა. ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ოჯახში მისვლის დროს მათ კარები განზრახ არ  გაუღეს",–განაცხადა დირექტორმა.

 

 

თუ რატომ დაინტერესდა „ნიუპრესი“ ამ თემით, ამ საკითხის გარკვევას სკოლის დირექტორი ჩვენთან შეეცადა,  როგორც ჯიშკარიანმა განაცხადა,  მშობელი ჩვენთან საუბარს უარყოფდა და თავად სკოლას ადანაშაულებდა ამბის გახმაურების გამო.

დირექტორის ინფორმაცია არ დაადასტურა ა. კოპალიანმა და აღნიშნა, რომ მას ორი კვირაა მასწავლებლები საერთოდ არ უნახავს. ის არც  იმ ფაქტს ადასტურებს, თითქოს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს კარი არ გაუღო. ასევე არ ადასტურებს ბავშვის მიერ სუიციდის მცდელობას და ამ თემაზე დირექტორთან საუბარს.

რამდენად არის  ა. კოპალიანი  კონფლიქტური მასწავლებლებთან, ამის დადგენას კლასის ხელმძღვანელთან შევეცადეთ. თუმცა, მან კი თავი შორს დაიჭირა და განაცხადა, რომ არ სურდა ამ საქმეში ჩარევა და კომენტარის გაკეთება.

 

ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის  შესასწავლად საქმეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი და სოციალური სამსახური ჩაერთო.  მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს. აღნიშნავს, რომ ბავშვს  მხოლოდ ორჯერ გაესაუბრა.

საქმესთან დაკავშირებით  არსებობს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დასკვნა, სადაც წერია, რომ მ.პ-ს ქცევა არის სიტუაციის ადეკვატური, ჭადრაკის გაკვეთილზე არდასწრებით აპროტესტებს პედაგოგის დამოკიდებულებას მის მიმართ, დარღვეული აქვს უსაფრთხოების განცდა სკოლაში. შფოთავს გაკვეთილის მსვლელობის პროცესში. აქვს უსამართლობის განცდა. ფსიქოლოგი რეკომენდაციასაც იძლევა, რაც ბავშვის უფლების დაცვას გულისხმობს.

 სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი ლალი ცხვედიანი ბავშვზე რაიმე სახის ინფორმაციის გასაჯაროებისაგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ის ბავშვთან ურთიერთობაში კონფლიქტის შემდეგ შევიდა და არ იცის, რა მდგომარეობა იყო ის თავდაპირველად, ახლა კი ბავშვის მდგომარეობა საგანგაშო არაა და ის ჩვეულებრივად ჩაერთო სასწავლო პროცესში. ფსიქოლოგის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ საქმე სკოლას არ გაცდებოდა და მასწავლებლები და მშობელი  პრობლემას ადგილზე მოაგვარებდნენ.

                                                                    

ა. კოპალიანმა დახმარებისათვის "თბილისის ადამიანის უფლებათა დაცვის სახლს" მიმართა. მის ინტერესებს იურისტი სოფიო ალექსიძე იცავს.  როგორც ალექსიძე აცხადებს, საქმის შესწავლა არ დასრულებულა და განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნას ელოდებიან. ალექსიძის განცხადებით, ქუთაისის საგანამანათლებლო რესურსცენტრის განცხადებით, დისციპლინარულმა კომიტეტმა შეისწავლა ნათია ბედიაშვილის დისციპლინარული გადაცდომის ხარისხი მოსწავლის მიმართ და მას უნდა მიეცეს წერილობითი განცხადება. ამის მიუხედავად, დირექტორმა ა. კოპალიანს უპასუხა, რომ არ მომხდარა დისციპლინარული გადაცდომა ნათია ბედიაშვილის მიერ და რომ დისციპლინარული კომიტეტის პასუხი ა. კოპალიანმა არასწორად გაიგო.  სოფიო ალექსიძის განცხადებით, დირექციის განცხადება, თითქოს მოხდა საკითხის შესწავლა, არადამაკმაყოფილებელია, რადგან უცნობია, რა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინა ადმინისტრაციამ კვლევა.

 

ამ დროისათვის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს. სამსახურის წარმოამადგენელმა გიგა ციბაძემ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ საკითხზე საუბარი არ ისურვეს და პასუხისათვის განათლების სამინისტროში გადაგვამისამართეს, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

საკითხს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მაია გედევანიშვილი.   შედეგების  შესახებ  „ახალმა გაზეთი“  მოგაწვდით ინფორმაციას. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა