|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადადებული სასწავლო პროცესი და რეორგანიზაცია ქუთაისის ბაღებში

ქუთაისის 35 საბავშვო ბაგაბაღების ფილიალებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება. სწავლის გადადების ოფიციალურ მიზეზთან ერთად სხვა პრობლემების შესახებაც ხდება ცნობილი. ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სწავლის გადადების მიზეზი რეორგანიზაცია ვერ გახდებოდა, რადგან ატესტაცია და გასაუბრება იმ თანამშრომლებს არ გაუვლიათ, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება ბავშვებთან.

 

 14 სექტემბრის ნაცვლად 21 სექტემბერს ქუთაისის საბავშო ბაღებში სწავლის  დაწყებას 2300 ბავშვი და მათი მშობლები ელოდებიან.  რატომ გადაიდო სწავლა? როგორც გაერთიანების დირექტორის მოადგილე მაკა დოღონაძე აღნიშნავს, სწავლის გადაწევა რეორგანიზაციას არ უკავშირდება და ის მოსამზადებელი სამუშაოების გამო მოხდა.  

„აღმზრდელობით პროცესში მონაწილე პედაგოგებს რეორგანიზაცია არ  შეხებიათ, შესაბამისად, ეს სასწავლო პროცესის გადაწევასთან კავშირში არ არის“, - ამბობს მაკა დოღონაძე.

ბაღების თანამშრომლებმა ზაფხულის სიცხესთან ერთად, საგამოცდო ციებ–ცხელებაც გაიარეს.  მერიის ინიციატივით, ააიპის თანამშრომლებს ატესტაცია ჩაუტარდათ. თუ გამომცდელებსა და ატესტანტებს დავუჯერებთ, ორივე ეტაპმა  მშვიდად ჩაიარა.

ატესტაციის პირველი ეტაპი, ბაღების ადმინისტრაციის 22-მა, ყოფილი ფილიალების 25-მა თანამშრომელმა და სხვა ააიპებიდან 11-მა თანამშრომელმა გაიარა. ბარიერი 65 პროცენტი იყო. ზღვარი 16-მა ატესტანტმა ვერ გადალახა.  მშვიდად არ ჩაუვლია ბაღების ფილიალების ხელმძღვანელის შტატის გაუქმების ფაქტს. გათავისუფლებული გამგეების პროტესტის მიუხედავად ფილიალებს აიპის ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ბაღს ერთი წარმომადგენელი გააკონტროლებს.

როგორც „ნიუპრესისთვის“ ცნობილი გახდა,  გამგეებთან ერთად  ბაღებიდან წყლის მრიცხველებიც მოხსნეს, რომლებიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ „დისლოკაციის ადგილისათვის“.  როგორც გაერთიანებაში გვაიმედებენ, განსხვავებით გამგეებისგან, მრიცხველები, თანაც ახალი, აუცილებლად დაბრუნდება.

„ნიუპრესის“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწავლის დასრულებისთანავე ბაღებში წყალმომარაგების კომპანიამ მრიცხველები მოხსნა, თუმცა მათი დამონტაჟება ამ დრომდე არ მომხდარა. რის გამოც ფილიალებში რთული მდგომარეობაა. ბაღების თანამშრომლებს მთელი ზაფხულის განმავლობაში წყლის მიტანა სახლიდან უხდებოდათ. უწყლოობის გამო ამ დრომდე ვერ მოხდა შენობების დასუფთავება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ბაღებში მრიცხველების მოხსნას გაერთიანების მოთხოვნას უკავშირებენ. თავის მხრივ კი, მრიცხველების დემონტაჟის აუცილებლობას მაღალი გადასახადებით ხსნის გაერთიანების დირექტორის მოადგილე მაკა ნაცვლიშვილი. თუმცა აღნიშნავს, რომ ბაღებს წყლის პრობლემა არ შეექმნებათ და ბავშვებს დათქმულ დროში მიიღებენ.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან მაღალი გადასახადები მოგვდიოდა. შეუძლებელი იყო ამ რაოდენობის წყალი გამოგვეყენებინა, ამიტომ მივმართეთ გაერთიანებული წყალმომარაგების ფილიალს, შეემოწმებინათ მრიცხველები. აღმოჩნდა, რომ გარდა ხუთი მრიცხველისა, ყველა მრიცხველი დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახლის შეძენა. ამიტომ გამოვაცხადებთ 20 000 ლარიანი ტენდერი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულმა კომპანიამ „მეოხი“ მილების შეცვლა და გაყვანილობის მოწესრიგებაც უნდა მოახდინოს. სისტემა, რომელიც 5 წლის წინ დამონტაჟდა, ამორტიზებულია“,–განაცხადა მაკა ნაცვლიშვილმა. კითხვაზე, რატომ არ მოხდა სამუშაოების ამ დრომდე შესრულება, გვპასუხობს, რომ ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებელი სამუშოები დროსთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ტენდერი გვიან გამოცხადდა. თუმცა აღნიშნავს, რომ სწავლის პროცესს ხელი არ შეეშლება და ბავშვებს პრობლემა არ შექმნებათ.

 

მისივე განცხადებით, ახალი მრიცხველები კომპანიამ 2 კვირაში უნდაა დაამონტაჟოს, თუმცა იქამდე დროებითი მრიცხველების დამონტაჟება მოხდება.

 საბავშვო ბაღების ფილიალების სასწავლო პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს გაერთიანების დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე მაკა დოღონაძე.  მის განცხადებით, ბავშვები გაუმჯობესებული პროგრამით გაივლიან სასწავლო წელს. ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ სასკოლო ასაკის გაზრდის გამო წელს ბაღებში ბავშვთა ნაკადი გაზრდილია.

 "ვინაიდან სასკოლო ასაკი გაიზარდა, წელს ბაღებში 800–ზე მეტი ბავშვი დაგვრჩა, რომელთაც სკოლაში წასვლა უწევდათ.  მშობლებმა ეს ბავშვები ისევ ბაღში დატოვეს. რასაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ბაღებში შემოსული 1500–მდე ბავშვი დაემატება. თუმცა ვცდილობთ, რომ ბავშვების მიღების პროცესში ხარვეზები არ შეიქმნას. ყველა ბაღი მზად იქნება სრული დატვირთვით მოემსახუროს ბავშვებს. ცვლილებელია სასწავლო პროგრამაში. რაც შეეხება კვებას, ის ისევ სამჯერადი იქნება",–განაცხადა მაკა დოღონაძემ.

ქუთაისში 35 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. მიმდინარე წელს სულხან–საბას დასახლებასა და ავტომშენებლის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღები აშენდა, რომელთა სრული რემონტი არ დასრულებულა, ამიტომ ახალ ბაღებში სწავლა ჯერ არ დაიწყება.

ავტორი: ანა ჯიქია, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა