"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!” -ქუთაისში აქცია -მსვლელობა გაიმართა
პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნა და თბილისში საპროტესტო აქციის დარბევა ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს. "გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ”, “არა ოლიგარქიას”, “ჭორვილიზაცია უნდა დასრულდეს”-სტუდენტები ამ ლოზუნგით მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.
“ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩვენი უცვლელი მოთხოვნაა. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ გუშინ დარბეულ, დაშავებულ და დაპატიმრებულ ხალხს. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს რუსი ოლიგარქის მონობა და უკანონო ბრძანებების შესრულება. აქ არჩევანი დგას რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და ევროპისკენ სვლას შორის. არანაირ დაპირებას აღარ მივიღებთ, იქეთ მოუწევთ დათმობაზე წასვლა,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
“ბიძინა ივანიშვილმა მისი უგუნური გადაწყვეტილებით მთელი სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები გააერთიანა"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სტუდენტებმა მსვლელობით ქუთაისის მერიის წინ გადაინაცვლეს და თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის ფეისბუკ პოსტსაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საჯარო მოხელეები შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. სტუდენტები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი