|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაგრძელდება თუ არა პროტესტის ტალღა ქუთაისის თეატრებში?

თბილისში მსახიობების მიერ გამოთქმულ პროტესტს დაბალ ხელფასებთან დაკავშირებით სამინისტრომ ვრცელი განცხადებით უპასუხა და  სისტემაში შემავალ თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასები გაასაჯაროვა.

როგორ ეხმიანებიან ქუთაისელი თეატრალები და ადმინისტრაციები თბილისში განვითარებულ მოვლენებს და რა პრობლემების წინაშე უწევთ მუშაობა, ამ თემით "ნიუპრესი" დაინტერესდა.

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საშუალო შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქუთაისის თეატრებს შორის მესხიშვილის თეატრში არის, ყველაზე მცირე - ოპერის თეატრში. ქალაქში ამ დროისთვის რამდენიმე თეატრი მუშაობს, რომელთა ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ნაწილი ენთუზიაზმზე მუშაობს.

მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე თვლის, რომ პრობლემებზე საუბარი ყოველთვის თბილისში იწყება და რეგიონებში არ გრძელდება, ამიტომ არ ხდება იმის ჩვენება, რომ ზოგჯერ გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან მსახიობები რეგიონებში. მსგავის პრობლემების წინაშე დგანან სხვა თეატრები და მსახიობები, რომლებიც ღიად არ საუბრობენ და საკითხზე მსჯელობა კულისებში ხდება.

"ძალიან ცუდია, როდესაც ხელოვან ადამიანს ამ თემაზე უწევს საუბარი. როდესაც პრობლემაზე იწყება საუბარი, ყოველთვის  თბილისზე ხდება აქცენტირება და რეგიონები არც ახსოვთ,  სადაც პრობლემა, შესაძლოა, გაცილებით მწვავე იყოს. ჩვენს სფეროში, ძალიან დიდი ღვაწლი და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე. როგორ უნდა განვითარდეს კულტურა, როდესაც  სახელმწიფო აბსოლუტურად გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს - გვიმცირებს  დაფინანსებას.  ხელფასი რაც გვქონდა, შეგვინარჩუნდა, მაგრამ თეატრს არ აქვს სადადგმო ფინანსები, შესაბამისად, ხარისხი და  სპექტაკლების რაოდენობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს",-განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

თეატრში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი, თუმცა მისი განცხადებით, პრობლემები არა ხელფასების, არამედ სადადგმო ფინანსებთან დაკავშირებით უფრო არის.

"ჩვენი პრეტენზიები ვაცნობეთ სამინისტროს და მათ კარგად იციან, რომ გვიჭირს შენობის გათბობა, დაცვა, რეაბილიტაცია, ამაზე ვისაუბრეთ, თორემ უამრავი სხვა პრობლემა არსებობს. რა თქმა უნდა, მაღალი ხელფასი კარგია, მაგრამ ორი წლის წინ 240 ლარი იყო და გაორმაგდა და მეტიც გახდა. ვიყოთ სამართლიანები და ვთქვათ, რომ სამინისტრო ცდილობს და ეხმარება თეატრებს.  ჩვენ მოვითხოვთ, სადადგმო ხარჯები მოგვცენ, თორემ ხელფასებს ასე ყოველწლიურად არ უმატებენ. სახელმწიფოს უჭირს და ამას უნდა მივუდგეთ სახელმწიფოებრივად. თუ ვერ მოხდება თანაშრომლობა, სახელმწიფო გვკითხავს, შენ რას აკეთებ, როდის ითამაშე და რამდენი? შეგაფასებს და გეტყვის, რომ არ ჭირდები. ჩვენთანაც იყო პროტესტი, მაგრამ დავსხედით და ვისაუბრეთ, რომ ვერ მოხდება ხელფასის ყოველ მოთხოვნაზე მატება. მთავარია, დაგვეხმარონ და სპექტაკლის სადადგმო ხარჯები მოგვცენ, რაც გათვლილია გრძელვადიან გეგმაში და ჩვენც მივყვებით, რომ შევინარჩუნოთ თეატრი, სხვაგვარად არ გამოვა, რადგან სახელმწიფოსაც უჭირს", - განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

გასულ წელს თეატრები სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, რის შემდეგაც დაფინანსება 10%-ით შემცირდა. შემცირებული ბიუჯეტი აქვს მესხიშვილის თეატრსაც, თუმცა სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, მათ შეძლეს და შემცირებული თანხის მიუხედავად, არ შეამცირეს შტატი და ხელფასები. ბიუჯეტი 945 000 ლარია, საიდანაც 895 000 ლარი სახელფასო ფონდს შეადგენს, რაც ნაწილდება 160-მდე თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაზე.

მესხიშვილის თეატრისგან  განსხვევებით ბიუჯეტი არ შემცირებია ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს. თეატრის ხელმძღვანელი ირინე ლომონაძე არ იზიარებს თბილისელი მსახიობების პათოსს.

"შეიძლება, სოლიდარული უნდა ვიყო მათ მიმართ, მაგრამ ვერ ვიქნები, რადგან უნამუსობა იქნება ჩემგან. ჩვენ არ შეგვხებია ბიუჯეტის შემცირება,  მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაგვრჩა ძველი ბიუჯეტი. ამასთან სამინისტრო თანხას გვაძლევს სპექტაკლებისთვის, გვეხმარება სარეაბილიტაციო სამუშაოებში, გვეხმარება კოსტუმებით და მეტი რა შეიძლება?  "ნაციონალების დროს" 700 000 იყო ბიუჯეტი და ამათ 250 000 ლარი მოგვიმატეს და 950 000 ლარია. ხელფასები 150 ლარით გაიზარდა და არ შეიძლებ ამის არდანახვა. მესმის, რომ მორალურად თეატრალები უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიქნები მართალი, თუ არ ვიტყვი მიმდინარე მოვლენებზე",-განაცხადა ირინე ლომინაძემ.

2015 წელს, ოპერის თეატრში დირექციის შეცვლის შემდეგ, ირინე ლომინაძემ რეორგანიზაცია მოახდინა.   თუ ლომინაძე იმ დროისთვის რეორგანიზაციის საჭიროებას გაბერილი შტატებით და დაბალი ხელფასებით ხსნიდა, ამჟამად აცხადებს, რომ რეორგანიზაციის დროს მხოლოდ სამი თანამშრომლის გაშვება მოხდა და ეს ხელფასებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

"ჩვენ არ შეგვიმცირებია შტატი, მხოლოდ სამი თანამშრომელი გავუშვით, სხვას არ შეხებია რეორგანიზაცია, მათი ხელფასიც რომ დაგვხმარებოდა. რომ არა სამინისტრო, ვერ გავზრდიდით ხელფასებს. უბრალოდ თბილისში ცხოვრება ძვირია და  ხელფასებიც მცირე ჩანს, ამის გამო მოხდა პროტესტი, თორემ ჩვენ როდის ავალთ მათ ხელფასებზე, ჯერ არც ვიცით", - განაცხადა ირინე ლომინაძემ.

პრობლემებზე საუბრობს თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე და აცხადებს, რომ კულტურა სახელმწიფოს პრიორტეტებში უნდა ყავდეს.

"პრობლემა ყოველთვის იყო და ახალი არაფერია, მაგრამ მთავარია, მათი მოგვარება. რა თქმა უნდა, მეტი ჭირდება მსახიობს, თუმცა სამინისტრო მაქსიმალურად გვეხმარება. ბიუჯეტის გარდა, გვეძლევა სადადგმო თანხები. ჩვენც შეგვეხო 10%-იანი კლება და არ არის მარტივი. 260 000 ლარიანი ბიუჯეტი 240 000 ლარი გაგვიხდა,  მაგრამ  შტატი არ შემცირებულა, ჯამში, 51 თანამშრომელია. სხვადასხვა მომსახურების თანხები შევამცირეთ, რომ ხელფასები შეგვენარჩუნებინა. რა პრობლემაც არის ქვეყანაში, ის პრობლემაა თეატრში. სახელმწიფოს პრიორიტეტში უნდა ყავდეს კულტურა, თუ ასე არ იქნება ,მასზე ზრუნვაც არ მოხდება. ჩვენ სოლიდარულები ვართ, რადგან მსახიობს არ უნდა შიოდეს, ისევე როგორც სხვას", -განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ.

სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებიან ნიღბების და პანტომიმის თეატრები, რომლებიც მუშაობას საკუთარი შემოსავლებით უხელფასოდ აგრძელებენ,  მიუხედავად ამისა აქვთ პრემიერები და მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში.

 

როგორია მსახიობების საშუალო ხელფასი ქუთაისში?

"ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ხელოვანი ადამიანები მსგავსი პრობლემების წინაშე არიან"

"მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა