|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

"გაიცანი ქუთაისი" -ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი [VIDEO]

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" იწყებს ახალ რუბრიკას "გაიცანი ქუთაისი". რუბრიკაში წარმოდგენილი იქნება ქუთაისში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, სახლ-მუზეუმების ისტორია და მდგომარეობა. ჩვენი მკითხველი გაეცნობა, რა ისტორია უკავშირდება ამა თუ იმ სახლ-მუზეუმს, რა ექსპონატებს ინახავს და რა მდგომარეობაშია ისინი.

რუბრიკის პირველი სიუჟეტი მიეძღვნა ქართველ კომპოზიტორს ზაქარია ფალიაშვილს.  მისი სახლ-მუზეუმი ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

 

მუზეუმი აიიპ "კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალს წარმოადგენს. ააიპისა და მუზეუმის ადმინისტრაციების ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. იქ ამ დროისთვის ინახება მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილი. ის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა, მის მიერ შესრულებულმა საგალობელმა განსაკუთრებული  ყურადღება მიიქცია.

ზაქარია ფალიაშვილი 1871 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. მან ქუთაისში მხოლოდ 16 წელი იცხოვრა. 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიაში. პარალელურად მუშაობდა ქართულ ხალხურ სიმღერებზე. მას დიდი ღვაწლი მიუძღის ქართული ეკლესიის საგალობლების შექმნა დამუშავებაში.

ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი. კომპოზიტორი ამავე თეატრის ეზოში არის დასაფლავებული. 

ფალიაშვილის ფოტო ქართულ ვალუტაზეც მოხვდა. დაიბეჭდა ქაღალდის ორლარიანზე, რომელიც მიმოქცევაში აღარ გვხვდება.

სიუჟეტის მომზადებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ქუთაისის მერიის ააიპ  "კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას" და სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი