|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსებას იწყებს

განათლების სამინისტრო 2017 წლიდან სკოლებისთვის მცირე ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსებას იწყებს.

2, 5 მილიონიანი ბიუჯეტი სასწავლო დაწესებულებებში დაზიანებული ელექტროობის, სახურავის და მსგავსი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. პროცესს კოორდინაციას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები გაუწევენ. ყველა რეგიონში შეარჩევენ კონტრაქტორ ფირმას, რომელიც მომსახურებას განახორციელებს.

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, სკოლების მოვლა–პატრონობის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი მიზანი შენობების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაა.

„2017 წელს, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში გამოჩნდა სკოლების მოვლა-პატრონობის ბიუჯეტი. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომელსაც ჯამში აქვს 100 მილიონამდე ბიუჯეტი, თუმცა რეალურად სიტუაცია იყო ასეთი – შეიძლება სკოლას ინფრასტრუქტურისთვის ქონოდა 10 ათასი ლარი, მაგრამ არ ქონდა 50 ლარი, რომ ელექტრიკოსი მოეყვანა და შეეკეთებინა კონკრეტული რამ. ასეთ საკითხებზე აქამდე თანხა არ იყო გათვალისწინებული. ყველა თანხა განიკარგებოდა ერთნაირად, ტენდერებით,  რომელიც გამოცხადდება და უნდა დაელოდო 6 თვე.

შენობის სახურავში ცოტა წყალი რომ ჩამოვა, თუ ყურადღება არ მიექცა, საძირკველში ჩავა და დასანგრევი გახდება. მერე ბედნიერად გამოვაცხადებთ ტენდერს,  დავხარჯავთ 5 მილიონს და ავაშენებთ ახალ სკოლას, არადა  5000 რომ დაგვეხარჯა, აქამდე არ მივიდოდით. ანალიზი არის ძალიან მარტივი, რომ სადაც უვლიან სკოლას, უფრო მეტ დროს უძლებს შენობა. წელს პირველად ჩვენ გვაქვს სადღაც 2–ნახევარი მილიონი ლარი მსგავსი საკითხებისთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი. შეიძლება ეს თანხა დიდად ჟღერს, მაგრამ ამოცანასთან შედარებით მცირეა. ახალი აშენებული და ახალი გაკეთებული სკოლები რაც გვაქვს, თავიდანვე ყველა ჩართული იქნება მოვლა-პატონობის რეჟიმში, რომ აღარ დაზიანდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სკოლებმა 50 წელი გაძლონ“,– თქვა მინისტრმა.

 

ავტორი: ნიუპრესი