"განათლების სამინისტრომ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორატისთვის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტენენ.
ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, მთავრობის დაპირება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი და მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილი.
"ორი წლის წინ პრემიერი და ქუთაისის მერი გვიცხადებდნენ, რომ ორ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტს მიიღებდა. დღეს ვხედავთ, რომ ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და მხოლოდ ბაყაყები არიან აქ. განათლების სამინისტრომ ამ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი, წელს კი აკადემიური პროგრამები დაამტკიცა, ალბათ ბაყაყებს უტარებენ ლექცია-ტრენინგებს. ეს არის მთავრობის მორიგი ტყუილი და მხოლოდ საარჩევნოდ პიარისთვის იყენებენ"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს მოსთხოვეს ინფორმაცია, რა თანხა იხარჯება ლექტორატზე, თუმცა სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ გასცა, რის გამოც ორგანიზაცია სასამართლოს მიმათვას აპირებს.
ტექნოლოგიური უნივესტირეტის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. პროექტის პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი