|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაცვლილები და არარსებული ამომრჩევლები საარჩევნო სიებში რჩებიან

ამომრჩეველთა სიაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ ქუთაისში.   წლების წინ გარდაცვლილი ადამიანები პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას მაინც აგრძელებენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო ოლქის საზღვრებში მითითებულ არარსებულ  მისამართებზეც ამაოდ აკეთებენ განცხადებს.

 ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის იმედი აქვს ქუთაისის #48 საარჩევნო ოლქში „ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, თემურ ცამციშვილს.

მისი  განცხადებით, მათი კოორდინატორების მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  მათი ოლქის 15 საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სიებში 130 გარდაცვლილი დაფიქსირდა,  მათგან ნაწილი 7-8 წლის წინ  გარდაცვლილია.   "48-ე საარჩევნო ოლქში არის 41 საარჩევნო უბანი, ჩვენ ჯერჯერობით 15  უბნის მონაცემები წარმოვადგინეთ, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა უბნებზე", -აღნიშნა ცამციშვილმა.

#59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ავთანდილი ოსეფაიშვილი  სიებში მკვდარი სულების არსებობას იმით ხსნის, რომ ხშირ შემთხვევაში, პირის გარდაცვალების შესახებ  ოჯახი არ აცნობებს საჯარო რეესტრს, რის გამოც ხდება ამ პირების სიაში დარჩენა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც პოლიტიკურტი პარტიები  მიაწვდიან მათ მიერ მოპოვებულ მონაცემებს, ინფორმაციას ცესკოს გადასცემენ, რის შემდეგაც შესაძლებელია, რომ სიების გასწორება მოხდეს.

 "როდესაც გარდაცვალების  ცნობას იღებენ  საჯარო რეესტრიდან, ავტომატურად ხდება იმ ადამიანის  სიიდან ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიერ არ ხდება ამ ცნობის აღება, მაშინ პიროვნება რჩება სიაში. ასეთი შემთხვევებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში არის განაცხადის ფორმა, რომელიც ივსება ოჯახის წევრების მიერ, სადაც ხდება დაფიქსირება მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ. ამის შემდეგ ხდება საუბნო კომისიიდან საოლქოში, შემდეგ კი ცესკოში ინფორმაციის მიწოდება", -განაცხადა ოსეფაშვილმა.

 მისი თქმით, ასეთი შემთხვევები მხოლოდ 48-ე ოლქში არ იქნება, ეს იქნება სხვა საარჩევნო ოლქშიც.

 "კარგი იქნება, პოლიტიკური პარტიები თუ ჩვენ მოგვაწოდებენ  ამ მონაცემებს, რის შემდეგაც ჩვენ მათ გადავცემთ ცესკოს", -აცხადებს ის. ამასთან,  #59  ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ  სიებში არსებული უზუსტობები არ არის იმ მასშტაბის, რომ მან არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს.

"სახელმწიფოს პოლიტიკა არ გადის ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე", - აცხადებს  თემურ ცამციშვილის შტაბის, უფროსი ვანო კაპანაძე.   ვანო კაპანაძის თქმით, არ არის ჩვენი ამომრჩეველი ისეთი აქტიური,  რომ თვითონ იზრუნოს სიების სისწორის დადგენაზე, ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.

არარსებულ ამომრჩეველზე და მისამართებზე საუბრობს ქუთაისის  #49 საარჩევნო უბანში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია. მისი თქმით, 4 ათასამდე  არარსებული ამომრჩეველია რეგისტირებული ქუთაისში. 

„პრობლემა 2008 წლიდან არსებობს, როდესაც  მიხეილ სააკაშვილს არ ქონდა მყარი პროზიციები და ეშინოდა წაგების,  საარჩევნო უბნების საზღვრებში შეიტანეს არარსებული მოქალაქეების სიები და ბინები. გაცემულია ყალბი პასპორტები. ეს არის გაყალბების ერთ-ერთი საშუალება. ჩემი ანგარიშით, 4 ათასამდე ასეთი ამომრჩეველია  ქუთაისში, რომელიც რეალურად არ არსებობს”,-აცხადებს წულაია.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთ უწყებას მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოყოლია: „ოლქის საზღვრებში შეტანილი იყო არარსებული კორპუსები, ელექტროჯიხური, ავტოქარხნის კლუბი, რომელიც იმ დროს დამწვარი იყო. იმ წელსვე დავიწყე ამის გაპროტესტება, თუმცა შედეგი ვერ მივიღე. იგივე არარსებული მისამართები დღემდე რჩება ოლქის საზღვრებში“.  

წულაიას ამ განცხადებას ადასტურებს #48 საარჩევნო ოლქის „პატრიოტთა ალიანსის“  საარჩევნო შტაბის უფროსი გოგიტა გოგელაშვილი. მისი თქმით, მათმა კოორდინატორებმა   20-ზე მეტი  არარსებული მისამართი დააფიქსირეს.

„გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე #18, #33, #44, # 50, #54, #56 არ არსებობს, ასევე ჯავახიშვილის ქუჩაზე # 53 ნომერი, ჭონქაძის #52 - არ არსებობს,  გაურკვეველი მისამართებია ბუხაიძის ქუჩაზე. ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე #42  არის მეექვსე ატეესი, ასევე ჭავჭავაძის 50 ნომერი, რომელიც მითითებული როგორც საცხოვრებელი სახლი, რეალურად კი  ესაა მე-10 საჯარო სკოლა“-განაცხადა ჩვენთან საუბარში გოგიტა გოგელაშვილმა. 

არარსებული მისამართის არსებობას ადასტურებს „ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისათვის“ დეპუტატობის კანდიდატი თემურ ცამციშვილიც. მისი თქმით, მას პირადად ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მითითებულ მისამართზე მივიდა, მაგრამ იქ საცხოვრებელი სახლი არ დაუხვდა. „პირადად მე მქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დავდიოდი და მითითებულ მისამართზე მივედით, მაგრამ იქ საცხოვრებელი სახლი არ დაგვიხვდა“, - გვითხრა მან.

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ არც მმართველ პარტიაში და არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.  „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში ხდება მონაცემების გადაცემა და გასწორება, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ჯერჯერობით საუბარი არ შეუძლიათ.

არარსებულ მისამართებთან დაკავშირებით საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემას 2013 წლიდან იცნობენ: „ჩვენ ვიცნობთ ამ პრობლემას, საკითხი გადაცემულია იუსტიცის სამინისტრისათვის, ეს საოლქო კომისიის კომპეტენციას სცილდება-“, აცხადებს #59 საოლქო კომისიის თავმჯდომარე.

 

    

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. 

  ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია  საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა