|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავარიული შენობები მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის - გოგი წულაია ხელისუფლების რეაგირებას მოითხოვს

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე მდებარე თაღთან შენობის ფასადი ჩამოინგრა.  შემთხვევა გუშინ სააღამოს საათებში  მოხდა და ფაქტს მსხვერპლი არ მოყოლია. 

 შენობებიდან სამშენებლო ნაწილების ვარდნის  გახშირებულ ფაქტებს "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია გამოეხმაურა. ის ხელისუფლების რეაგირებას მოითხოვს. 

"გასაგებია, რომ შენობა კერძო საკუთრებაა, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების უსაფრთოება, ამიტომ  უნდა დაავალდებულოს კერძო მფლობელი მოქალაქეებს არ შეუქმნას საფრთხე და მოაწესრიგოს თავის საკუთრება"- აცხადებს გოგი წულაია.   

არსებული ინფორმაციით, ავარიული შენობა შპს "ოქროს ჩარდახს" ეკუთვნის, რომელიც გოჩა თევდორაძისა და დავით კოსტავას მფლობელობაში იყო. შენობამ აღნიშნული იერსახე წლების წინ ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად მიიღო, თუმცა შემდეგ სამუშაოები არ გაგრძელებულა. ადგილზე სასტუმროს მოწყობა იგეგმებოდა. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის მეპატრონე უკვე გააფრთილეს და ფასადის გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, ქუთაისში შენობის ფასადებიდან სამშენებლო ნაწილებისს ვარდნის ფაქტები იშვიათობას არ წარმოადგენს. ამ ადგილზე შენობის ნანგრევი წლების წინაც ჩამოვარდა და ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა, რომელმაც დაზიანება მიიღო.  10 დღის წინ კი ქუთაისში შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი ფილა შუა ხნის ქალს  დაეცა, რომელმაც თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.  ამ შემთხვევაში მოქალაქე გადარჩა, თუმცა ასე არ გაუმართლა რამდენიმე წლის წინ მცირეწლოვან გოგონას, რომელიც ანალოგიური ფაქტის შედეგად დაიღუპა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე