ქუთაისის მერია: „ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია"
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებითან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს. მერიაში ადასტურებენ, რომ ასათიანის ქუჩაზე სამუშაობი მართლაც გაჭიანურდა, თუმცა პასუხისმგებლობას ქვეკონტრაქტორ კომპანიას აკისრებენ.
„ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია, რომელზეც პასუხისმგებლობა ფირმა „SMK”-ს ეკისრება. აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი ცოტა ხნის წინ სწორედ გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეიცვალა. პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისის მერიამ სამი დღით მთლიანად გადაკეტა ქუჩა, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება. უკვე დაიტესტა წყალი მთავარ მილებში, ამჟამად ხორციელდება წყლის მოსახლეობაში გადაყვანა. თუკი კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად სამი დღე არ ეყოფა, ვადის გაგრძელებაზე მერია გადაწყვეტილებას მიიღებს. წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლ.ასათიანის ქუჩაზე გზის საფარის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რომელსაც ასევე ფირმა “SMK” ახორციელებს“, -წერია განცხადებაში.
მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" კრიტიკასაც პასუხობენ და აცხადებენ, რომ მერია დამკვეთი არ არის, შესაბამისად თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს.
„ლ.ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე თვეა წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა მერიას ბრალი დასდო უმოქმედობაში, თითქოს და ეს სამუშაოები მერიის მიერ გაჭიანურდა. ასათიანის ქუჩაზე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ,,SMK" ახორციელებს. ვინ ვინ თუ არა თორნიკე ბარათაშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და თავს „ევროპულად მოაზროვნედ“ მიიჩნევს უნდა იცოდეს, რომ მერია დამკვეთი არ არის, შესაბამისად თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს“, -წერია განცხადებაში.
ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი