|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლელა სებუა: „ჩემი ოპონენტები ჩემს ნაცვლად ჩემს მეუღლეს ურეკავენ“

„თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 49-ე საარჩევნო ოლქში გენდერის მხრივ არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ლელა სებუას განცხადებით, მიუხედავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საჯარო მხარდაჭერისა, გენდერული ბალანსის და ქვოტირებისა, მათდამი რეალური დამოკიდებულება არ შეცვლილა.

„ჩვენ გვესმის პოლიტიკოსებისგან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან, რომ მხარს უჭერენ გენდერულ ბალანსს, ქალების როლს პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ხშირ შემთხვევაში ნეგატიურიც არის. ამის კარგი მაგალითია, ის რომ ჩემი ოპონენტები, რაღაც საკითხებზე ჩემს ნაცვლად ჩემს მეუღლეს ურეკავენ, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლეა, სხვა პოლიტიკური სტატუსი არ აქვს. რაც ნიშნავს, რომ  ეს ადამიანები ჩემს, როგორც კონკურენტის თანაბარ მდგომარეობას არ აღიარებენ და ცდილობენ ჩემთან კომუნიკაცია მეუღლის მეშვეობით დაამყარონ“-აცხადებს სებუა.

დეპუტატობის კანდიდატი  არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდში გენდერული საკითხების კვლევისა და შესწავლისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით,  არა თუ სხვა პარტიების, ქალი კანდიდატების მიმართ არის არათანაბარი დამოკიდებულება, არამედ შიდაპარტიული რესურსებიც არათანაბრად ნაწილდება მამაკაც და ქალ კანდიდატებზე და უმეტეს წილად აქცენტი მამაკაც კანდიდატებზე კეთდება და სწორედ მათზეა განაწილებული რესურსის დიდი წილი.

ლელა სებუა 49-ე ოლქში მის ოპონენტებს დებატებში იწვევს.

„ყველა კანდიდატს, რომელიც კენჭს იყრის 49-ე ოლქში, ვიწვევ დებატებში. დავსხდეთ და საჯაროდ ვისაუბროთ, მათ ხედვებსა და დამოკიდებულებზე გენდერული საკითხების მიმართ. როგორ იცნობენ მათ უბანში ქალი ამომრჩევლების პრობლემებს და როგორ ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა სებუამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა