|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

გენდერული უთანასწორობა ქუთაისის პარტიულ სიებში

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 53, 76 % ქალია,  თუმცა შესარჩევ კანდიდატთა სიაში გენდერული დისბალანსია. 

ამ დროის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების და ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან მხოლოდ 16, 30 პროცენტია ქალი. ქუთაისში 153 880 ამომრჩეველია, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ სიის გენდერული მონაცემები ჯერჯერობით არ აქვთ.

მსგავსად წინა არჩევნებისა, გამონაკლისი არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის პირობებში მდგომარეობა გაუარესდა, თუ 2014 წელს მერობისთვის წარდგენილ კანდიდატთაგან ერთი მაინც იყო ქალი, წელს ყველა პარტიამ არჩევანი მამაკაც კანდიდატებზე გააკეთა.

21 სექტემბერს საოლქო კომისიაში მერობისთვის განცხადება  ათმა კანდიდატმა დაარეგისტრირა.  ყველა მათგანი მამაკაცია და ყველა პარტიას ან პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს.

„შენების მოძრაობამ“ არჩევანი ალუდა გოგლიჩიძეზე გააკეთა.

საარჩევნო ბლოკმა “გიორგი ვაშაძე-ერთობა-ახალი საქართველომ” მერობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე შეარჩია, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატზე გრიგოლ ბახტაძეზე შეაჩერა არჩევანი „პატრიოტთა ალიანსმა“.

საქართველოს „ლეიბორისტულმა’ პარტიამ საკრებულოს ერთადერთი ლეიბორისტი დეპუტატი სამსონ გუგავა წარადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჭიღვარია.

ახალი „ქრისტიან–დემოკრატების“  კანდიდატი გიორგი გოგელაშვილია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევანი  გრიგოლ ვაშაძეზე შეაჩერა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი, არჩევანი ცნობილ კადრზე გააკეთა და მერობის კანდიდატად გიორგი წულაია წარადგინა.

„ევროპული საქართველოს”  სახელით დავით გოგისვანიძე იბრძოლებს,  მერობის კანდიდატი ჰყავს ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს და მათ სახელით არჩევნებში მონაწილეობას  აკაკი ლოლომაძე მიიღებს.

გენდერულად დაუბალანსებელი აღმოჩნდა პარტიული სიებიც. მმართველმა გუნდა ქუთაისის 10 მაჟორიტარულ ოლქში 2 ქალი კანდიდატი წარადგინა, ამდენივე კანდიდატია პროპორციული სიის პირველ ათეულში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში ქალი კანდიდატები  არ ჩართო, პროპორციული სიის პირველ ათეულში მხოლოდ  ორი ქალი კანდიდატი ჰყავთ.

ორი ქალი კანდიდატი ჰყავს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარულ სიაში, რაც შეეხება პროპორციული სიის ათეულს, იქ დამატებით ერთი ქალი კანდიდატია. შედარებით კარგი შედეგი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას მაჟორიტარი დეპუტატობის სამი ქალი კანდიდატის სახით.  მათ პროპორციულ სიაში ორი ქალი კანდიდატი ემატება. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას „ერთობა–ახალი საქართველო“-  მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი დაასახელა, ასევეა   პროპორციულ სიაში.

წარდგენილ ქალ კანდიდატთაგან ნაწილი პარტიული წარმომადგენლობიდაა, ნაწილი კი ბიზნესმენია. კანდიდატების უმეტესობა მხოლოდ ვიწრო წრეებშია ცნობილი.

გენდერული ბალანსის მხრივ პრობლემაზე საუბრობს, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის“ დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი. ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აწყობს შეხვედრებს და დისკუსიებს  გენდერულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ქეთი ბერძენიშვილი ამბობს, რომ  წლების მიუხედავად შედეგი არ იცვლება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველ წელს ვააქტიურებთ გენდერულ საკითხებს და მეტად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე რომ პარტიებმა, რაც შეიძლება მეტი ქალი წარმოადგინონ, როგორც მაჟორიტარული სიით, ასევე პროპოციულით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვხედავთ, რომ სიტუაცია უარესობისკენ მიდის. ეს არ არის კარგი დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად. ქალთა  ჩართულობა არჩევნებში და ხილვა საკრებულოში, მეტად შეუწყობს ხელს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განვითარებას, ასევე ქალთა, მოხუცთა და ბავშვთა საკითხებზე ზრუნვას. არცერთი ქალი კანდიდატი არ არის წარმოდგენილი მერობისთვის, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია. მაჟორიტარულ სიებშიც მხოლოდ 2-3 კანდიდატია. ამ დროს,  ჩვენ ვამბობთ, რომ დომინანტი არის ქალი. ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არის ქალი და მოვუწოდებთ მათ მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს, მაგრამ ახლა გაგვიჭირდება ამის მოწოდება, რადგან ძნელი იქნება მტკიცება იმისა, რომ ქალებს დაუჭირონ მხარი, თუკი ისინი არ იქნებიან შესაბამისი ოდენობით წარმოდგენილი. მე მაინც  მიხარია, რომ რამდენიმე პარტიამ  ჩასვა ქალი მაჟორიტარი კანდიდატები და ვფიქრობ, დაუჭერენ მხარს მათ“-განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, მიზეზი ქალი კანდიდატების ნაკლებობისა, როგორც ქალების ნაკლებ აქტიურობის, ასევე პარტიების ნაკლები მხარდაჭერის შედეგია.

„მიზეზი ორია, როგორც ქალების პასიურობა, ასევე  პარტიების ნაკლები მხარდაჭერა. ლიდერმა ქალებმა ნახეს, რომ მათ მხარდაჭერა ნაკლები ჰქონდათ, როგორც საზოგადოების, ასევე პარტიის, სადაც  ყველა ტვირთვის გადატანა თავად მოუხდათ. ეს ქალები თავს იკავებენ, იმიტომ, რომ პარტიულ ნომენკლატურაში არ აქვთ ძლიერი მხარდაჭერა და მოლოდინი. ასევეა ოჯახური პრობლემა, მამაკაცები არ ინაწილებენ ოჯახურ საქმეებს, რაც ხელს უშლის ქალს აქტიურობაში“- განაცხადა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის“ დირექტორმა.

ქუთაისის ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოში სამი ქალი კანდიდატია. სამივე საკრებულოში უმრავლესობის სიით  მოხვდა და სამივე მაჟორიტარი დეპუტატია. როგორც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი სიებით ირკვევა,  ნებისმიერი  პარტიის გამარჯვების შემთხვევაშიც ქალი კანდიდატების სია არსებულ მონაცემებს დიდად ვერ გაცდება.

 

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი