|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა შუშანია: ელექტრომობილების საწარმო რომც ამუშავდეს, დასაქმების პრობლემას ვერ გადაწყვეტს

 ელექტრომობილების საწარმო რომც ამუშავდეს, დასაქმების პრობლემას ვერ გადაწყვეტს, - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია. საკრებულოს დეპუტატი "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საწარმოს მშენებლობის სამუშაოები ამ დრომდე დაწყებული არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით დაანონსეს ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა, ირკვევა, რომ დაწყებულიც არ არის სამუშაოები.  ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ანონსებს, რომ ამ თვეში დაიწყება მშენებლობა, შემდეგ იმ თვეში...  თავიდან ისიც ითქვა, რომ ზვიად ციკოლიას დიზაინით იქნებოდა ეს ავტომობილი, შემდეგ მან განაცხადა, რომ  მისი დიზაინის კონცეფცია 2021 წელს იქნებოდა მზად", -აცხადებს გიგა შუშანია.

მისი თქმით, რომც ამუშავდეს საწარმო, ის მაინც ვერ შეძლებს დასაქმების პრობლემის გადაჭრას. 

 "კარგია, რა თქმა უნდა, ამ საწარმოს ამუშავება რეგიონისათვის, თუმცა ეს მაინც ვერ გადაჭრის დასაქმების პრობლემას. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური წარმოება და დაჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი, რომლის გადამზადებაც ქუთაისში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მოხდება მათი ჩამოყვანა", - აცხადებს შუშანია.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ელექტრომობილების საწარმომ წელს პირველი ქართული ავტომობილი უნდა გამოუშვას, ამასთან იგეგმება 300-მდე ადგილობრივის დასაქმება.

ავტორი: ირინა მაკარიძე