|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა შუშანია ჟურნალისტის იძულების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

ქუთაისის მერიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალიური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია ეხმიანება.

 მან დღეს ბრიფინგი გამართა და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„მაშინ, როდესაც ქუთაისის მერი გვერდით ოთახში იმალებოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ჟურნალისტს დაცვამ მიაყენა ფიზიკური დაზიანები, მოხდა პოლიციის მიერ მისი შენობიდან იძულებით გაყვანა. ჟურნალისტის საქმიანობა არის დაცული კანონმდებლობით და მათ შორის კანონითაა დაცული და მისი მოვალეობაა, აკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა და თავისუფლად გადაადგილდეს შენობაში, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაიწყოს ფაქტზე გამოძიება და საჯარო გახადოს მასალები“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს,  ქუთაისის მერიაში „ქუთაისი ტუდეის“ რედაქტორი ბუბა ჩივაძე არ შეუშვეს, რის შემდეგაც ის შენობაში და შემდეგ მერის კაბინეტში თვითნებურად შევიდა, საიდანაც პოლიციის ძალით გამოიყვანეს. ბუბა ჩივაძეს მიღებული აქვს დაზიანებები, ამავე დროს ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩივაძე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გულისხმობს. 

თავის მხრივ, ბუბა ჩივაძე  პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქუთაისის მერის ნათესავებისა და მეგობრების ბიზნესინტერესების თემაზე მუშაობდა, რის გამოც ალაქის მერიაში ამიტომ არ შეუშვეს.

 ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელად საჭირო გახდა საშვის მიღება, თუმცა ამ წესის ამოქმედების შესახებ მედიისათვის ინციდენტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ავტორი: ნიუპრესი