|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი წერეთელი: "მეორე ტურში გამარჯვების შანსი მაქვს"

"ნაციონალური მოძრაობის"  პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პარტია  საერთო გადაწყვეტილებას  მოკლე ხანში მიიღებს.

ქუთაისის #49  ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, რომელმაც არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ყველაზე მცირე განსხვავება აჩვენა „ქართული ოცნების“ კანდიდატის შედეგთან შედარებით, აცხადებს, რომ ქუთაისმა  დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა მას და "პოლიტიკური ცენტრის" იდეას,  რაც მას მეორე ტურში გამარჯვების შანსს აძლევს.  

"ძალიან კარგად გამოჩნდა ხელისუფლების ჩანაფიქრი ქუთაისთან დაკავშირებით. დასრულებული არ იყო პირველი ტურის შედეგები, რომ დაიწყო საუბარი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შესახებ.  მე მგონია,  ქუთაისში საპარლამენტო ქალაქისა და პოლიტიკური ცენტრის იდეა არის პოპულარული და მან მიიღო მხარდაჭერა.  ეს გამოიხატა ჩემს მიერ მოპოვებულ ხმებში და იმ ხმებში, რომლებიც არ მომაკუთვნეს, ან გააბათილეს, ან სხვას მიაკუთვნეს.  მიუხედავად იმ დაპირისპირებისა, დაშინებების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ათასი ჯურის ძალებისა, რომელიც გამოჩნდა იმ ღამით, (გამოჩნდა  მათი სახეეები, ვინ არიან)  ქუთაისმა დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა, რასაც ძალიან ვაფასებ. რა თქმა უნდა,  მე გავაგრძელებდი ბრძოლას მეორე ტურში და გავიმარჯვებდი კიდეც, მაგრამ ჯერ  პარტიამ უნდა მიიღოს საერთო გადაწყვეტილება",-  აცხადებს ის.

წერეთელის განცხადებით, პირადად ის პოლიტიკური ბრძოლის გზის მომხრეა, თუმცა, ძნელია ამ არჩევნების ლეგიტიმურობაზე საუბარი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებში  გიგი წერეთელის კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილია.  კობა ნარჩემაშვილმა ხმების  40.18%, ხოლო წერეთელმა -  37.46% მოიპოვა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციულ სიას,  წერეთელი 27 ნომრადაა განთავსებული. ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 27 მანდატს მიიღებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე