|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერიის ავტოპარკი და აპარატურა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის განკარგულებაშია"

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის, მათ შორის ქუთაისის მერიის კუთვნილებაში არსებული ციფრული ტექნიკის და ავტომობილების გამოყენებაში ადანაშულებს.

"მერიის ავტოპარკი მერის პირადი ავტომობილით დაწყებული, დამთავრებული სატვირთო მანქანებით, რომელი მერიის აიპებს ეკუთვნის, მთლიანად  "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის განკარგულებაშია, ასევე მერიის კუთვნილი ციფრული ტექნიკა და აპარატურა", -აცხადებს გოგი წულაია.

მისი თქმით, აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტო მასალა არსებობს.

საქმე ეხება მერიის პრესსსამსახურის თანამშრომელს, რომელიც ამჟამად "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მუშაობს. მერიაში აცხადებენ, რომ ონისე მელქაძე შვებულებაში იმყოფება. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", საარჩევნო შტაბში გადმარტავენ, რომ მათ საკუთარი ტექნიკა აქვთ.

 "ქართული ოცნების"  შტაბს  გააჩნია  საკუთარი  ტექნიკური  საშუალებები  და საკმარისზე  მეტი  ავტომანქანები. ამდენად,  მსგავსი  აბსურდული  განცხადებები  მიმართულია  მხოლოდ  წინასაარჩევნო  კამპანიის  დისკრედიტაციისა  და  ამომრჩევლის  შეცდომაში  შეყვანისაკენ.  შესაბამისად,  კატეგორიულად  უარვყობთ  საქართველოს საარჩევნო კოდექსის  48 მუხლის  1  პუნქტის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა  დარღვევას",- აცხადებს „ქართული  ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის  იურისტი  გოჩა  ავალიანი, რომელიც ასევე მერიის თანამშრომელია, თუმცა ამჟამად ისიც შვებულებაში იმყოფება.

ავტორი: ირინა მაკარიძე