|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მცოცავი ოკუპაცია" გუგუტიანთკარში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. მოსახლეობა რუსი სამხედროების წინაშე პირისპირ აღმოჩნდა, ადგილზე მხოლოდ პოლიცია იმყოფებოდა, რომელიც პროცესებში არ ერევა.

 ოკუპანტებმა რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს განუცხადეს, რომ დატოვონ სახლები და გაიტანონ, რაც აქვთ. ეს ორი სახლი მავთულხლართების იქით დარჩა მას შემდეგ, რაც რუსებმა ბორდერიზაცია განაახლეს.

სოფელში  16 აგვისტოს უცხოელი დიპლომატები ჩავიდნენ.  როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, დიპლომატიური კორპუსის ადგილზე ჩასვლის მიზანი იყო ერთი მხრივ, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეკავება და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება.

უფრო ადრე კი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს  საქართველოში აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა:  "ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

  გუგუთიანთკარში არ გამოჩენილან ქვეყნის პირველი პირები.  ადგილზე არ შეუშვეს სამოქალაქო აქტივისტები და ონლაინ მედიის წარმომადგენლები. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს და სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების ფონზე, გორის მერის შვებულებაში ყოფნა გააპროტესტეს.

 

 თამარ კურატიშვილის ფოტოები

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა