|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუმათის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

 გუმათის დასახლებაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.  აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც გუმათის დასახლებაში, უნარშეზღუდულ ბავშვთა ყოფილ ინტერნატში ცხოვრობენ, დღეს  საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ და ხელისუფლებისაგან ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, შენობაში  გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს.

"კალენდარს შეხედავ და 21-ე საუკუნია, მაგრამ აქ რომ მოხვალთ, თავი მე-19 საუკუნეში გეგონება. ეს უნდა ნახოს ყველამ, როგორ პირობებში არ უნდა აცხოვრო ადამიანები", -განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.  მან დევნილებს სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებას, კერძოდ კი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ამ ადამიანების მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდა.

წულაიას თქმით, ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური დევნილებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება.

როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, დასახლებაში მცხოვრები დევნილები ბინებს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ. 

 დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილის, გიორგი ქორიძის  განცხადებით, "აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შევსებული აქვთ განაცხადი, რის მიხედვითაც მოხდება მათი ბინებით დაკმაყოფილება.  გარდა ამისა, თუ შენობა ავარიულია, მაშინ იქ მცხოვრებლები რიგის გარეშე იღებენ ბინას, მაგრამ ამ შენობაზე სამხარაულის ბიურომ არ გასცა დასკვნა ავარიულობის შესახებ."

ქორიძის განცხადებით, მაის-ივნისის თვეში ქუთაისში დევნილებზე 400 ბინის განაწილება მოხდება და გუმათში მცხოვრები დევნილების უმრავლესობას შანსი აქვს, რომ ამ განაწილებაში მოხვდნენ. თუმცა,  მისივე თქმით, ადგილზე რეალურად მხოლოდ 20 -მდე ოჯახი ცხოვრობს.

ქორიძის თქმით, შენობა სახელმწიფოს ბალანსზეა და შესაძლებლობის ფარგლებში იქ საცხოვრებელი პირობების(საკანალიზაციო სისტემის)მოწესრიგება მოხდა.

 

  

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე