"ასსაფეხურიან კიბეზე გადაადგილება შეუძლებელია"
ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს, თუმცა დღეისათვის ის დაზიანებული და მოუწესრიგებელია. კიბესთან წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც ტერიტორია დატბორილია და კიბით სარგებლობა შეუძლებელია. აღნიშნულის გამო ადგილობრივები პროტესტს გამოთქვამენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშულებენ.
„რამდენი ხანია, ასსაფეხურიან კიბეებთან წყლის მილია დაზიანებული. დაიტბორა ყველაფერი, აქ გადაადგილება შეუძლებელია. საფეხურები დაზიანებულია, მოუწესრიგებელი, დანაგვიანებული, ყურადღებას კი არავინ აქცევს“,-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქეთევან ხაჭაპურიძემ.
ასსაფეხურიანი კიბეების ქვეშ ყოფილი რესტორანი "ლეჩხუმია" განთავსებული, რომელიც წყლის ჩასვლის შედეგად ზიანდება. სწორედ ეს გახდა რესტორნის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიცაცია დაგეგმილი არ არის, რაც შეეხება დაზიანებული მილის შეკეთებას, ეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპეტენციაა. ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ მათთვის მოსახლეობას არ მოუმართავს. ადგილზე მისულმა ჯგუფმა კი, გაარკვია, რომ დაზიანებული მილი მათი კომპანიის საკუთრება არ არის. მათი განმარტებით, საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
ასსაფეხურიანი კიბეს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა. რეკონსტრუქცია „კომუნმშენპროექტის“ მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. მხოლოდ პროექტისათვის ბიუჯეტიდან 157 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო სამუშაოების შესრულებისათვის 81 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტის მიხედვით, კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი