|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

იმერეთში ეკლესიისათვის გადაცემულმა თანხამ 4 942 603 ლარი შეადგინა

 იმერეთის  მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის გადაცემულმა თანხამ  4 942 603  ლარი შეადგინა, - ინფორმაციას  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია  2013 - 2017 წლებში იმერეთის მინიციპალიტეტების ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადარიცხული თანხების ოდენობით, ასევე გადაცემული უძრავი ქონებით დაინტერესდა.

ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორის ლელა მოწონელიძის განცხადებით,  შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ფულადი სახსრები და ქონება გადაცემულ იქნა მხოლოდ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისთვის. "აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხშირ შემთხვევაში გადარიცხული თანხების საჭიროება და მიზნობრიობა არ არის დასაბუთებული და არც ხარჯთაღრიცხვა არ არის წარმოდგენილი.ჯამურად იმერეთის მუნიციპალიტეტის მიერ ეკლესიისთვის გადარიცხულ თანხას შეადგენს 4 942 603 ლარს, ხოლო გადაცემულ ქონებას 90 140 კვ.მ," -განაცხადა მოწონელიძემ. 

საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას წყალტუბოს, ზესტაფონის, ბაღდათის, ქუთაისის, ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა ჯამში 90 140 კვ.მ. მიწის ნაკეთი გადასცეს.  ქუთაისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც მიწის გადაცემის თაობაზე ადგილობრივი ეპარქიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საკვლევ პერიოდში რელიგიური დღესასწაულის აღნიშვის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა გამოყო. 

ადგილობრივი თვითმმართველობები რელიგიურ ორგანიზაციებითვის თანხის გამოყოფასა და გადარიცხვას ახდენენ დასაბუთებისა და ეპარქიების მხრიდან ხარჯთაღრიცხვის წარდგენის გარეშე.

 

"ნიუპრესი" გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ძირითად ნაწილს;  

თერჯოლა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემული ფულადი დახმარების მოცულობამ 1 199 194 ლარი შეადგინა. 

2013-2014 წლებში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოიყოფოდა თერჯოლის საკათედრო ტაძრის ეზოს მოვლა-პატრონობისათვის 1700-2000 ლარი. ამავე წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სოფელ გოგნში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიზნით ჯამში გადარიცხული იქნა 1 000 000 ლარამდე თანხა, ხოლო ამავე მონასტერს მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ორჯერ - იანვარსა და თებერვალში გადაუხადა ელექტროენერგიის ხარჯი 1246.9 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა 2013 წელს 100 000 ლარი გადაურიცხა მართლმადიდებლურ ფონდ “გოგნის კარუგდებელს“ ისე, რომ ფონდის მიმართვაში აღნიშნული თანხის კონკრეტული საჭიროება არ იკვეთებოდა, ფონდს არც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები წარუდგენია თანხების მიზნობრიობის განსასაზღვრად. წერილში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ფონდი 100 000 ლარს “რელიგიური საქმიანობის სტიმულირებისთვისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის” ითხოვს.

 თანხის საჭიროება არ ჩანს არც 5000 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტისგან 2013 წელსვე მიიღო.

 საკვლევ პერიოდში ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიას დაზიანებული ავტომობილის შეკეთების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორჯერ გადაერიცხა თანხა - 2014 წლის სექტემბერში 7194 ლარი, ხოლო 2015 წლის თებერვალში 8415 ლარი.

2013 წლიდან 2017 წლის 20 მარტამდე თერჯოლის გამგეობას რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისთვის თანხა არ დაუხარჯავს და არც ქონება გადაუცია ადგილობრივი ეპარქიისთვის.

ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2013 წლიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემულმა თანხამ 2200 ლარი შეადგინა, რაც შეეხება ქონებას, ქონება არცერთი კონფესიისთვის არ გადაუციათ.

მათივე განმარტებით, მოცემული დროის მონაკვეთში მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად თანხა არ გამოყიფილა.

ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიური ორგანიზაციებისათვის 372 200 ლარია გადაცემული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით დგინდება, თუ რომელი ეკლესია-მონასტრები დაფინანსდა ზემოაღნიშნული თანხით, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია, რა საფუძვლით მოითხოვეს და რა მიზნით იქნა გახარჯული აღნიშნული მუნიციპალური თანხები. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე დიდი მოცულობის თანხა - 168 ათასი ლარი 2013-2014 წლებში გაიცა საკათედრო ფონდის მშენებლობის ფონდისთვის, ბორითის ვაშლევის ტაძრისთვის კი 35 650 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს და 2017 წელს (20 მარტის მდგომარეობით) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ზემოაღნიშნული მიზნით თანხა საერთოდ არ გაუცია.

ხარაგაულის გამგეობამ საკვლევ პერიოდში რელიგიური დღესასწაულებთან დაკავშირებით სოციალური პროგრამებიდან 47 281 ლარი დახარჯა, კერძოდ, დახმარება გაუწიეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკვები პროდუქტების მიწოდების გზით.

გამგეობას რელიგიური ორგზანიზაციებისათვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებია.

საჩხერე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიისათვის 194 300 ლარია გადაცემული.  

 ამავე პერიოდში რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად საჩხერის გამგეობას თანხა არ გაუხარჯავს, არც მის ბალანზე არსებული ქონება გადაუცია რელიგიური ორგანიზაციისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა გახარჯული თანხის მიზნობრიობა, რადგან საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენცია არ მოუწოდებია.

ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ა(ა)იპ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის განვითარების ფონდს 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათლით 215 000 ლარი გამოუყო. ფონდი თავად ეპარქიის მიტროპოლიტმა ანტონმა (მარკოზ ბულიხიამ) 2010 წელს დაარსა.

 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მიერ 2015, 2016 და 2017 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გაგზავნილ წერილებში მოთხოვნები იდენტურია, კერძოდ, მიტროპოლიტი ყოველ წერილში 40 000 ლარის ოდენობის თანხის გამოყოფას ითხოვს ვანის ოლქში მდებარე ეკლესია-მონასტრების და მღვდელმთავრის რეზიდენციაში მიმდინარე სამუშაოების საჭიროებებისა და რელიგიური ღონისძიებებისათვის, თუმცა მოთხოვნას თან არ ერთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.

მუნიციპალიტეტის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ რელიგიური ორგანიზაციებისათვის გამოსაკვლევ პერიოდში ქონება არ გადაუციათ, ხოლო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით გახარჯულ თანხებზე წერილში არავითარი მითითება არ არის გაკეთებული.

ხონი

საკვლევ პერიოდში ხონის მუნიციპაილტეტის გამგეობის მიერ რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემული ფულადმა დახმარებ 517 000 ლარი შეადგინა. 

ხონის მუნიციპალიტეტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მოთხოვნის მიუხედავად, კორესპონდენცია არ გამოუგზავნა, შესაბამისად, ორგანიზაციამ ვერ გადაამოწმა დეტალურად მოცემული თანხები რა მიზნით იქნა გახარჯული.

2013-2017 წლებში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაზე ხარჯი არ გაწეულა, არც ქონების გადაცემა მოხდარა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის.

წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მშენებლობა-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გაენათის ეპარქიას 399 999 ლარი გადაურიცხა.

ამავე პერიოდში წყალტუბოს გამგეობას რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის მიზნით თანხა არ გამოუყვია.

მუნიციპალიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმიწფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩაზე 780კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ეკლესიის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, სახელმწიფომ კი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას.

ზესტაფონი

 2013 - 2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას 317 010 ლარი გადასცა.

.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარგვეთისა და უბისის ეპარქიისთვის გამოსაკვლევ პერიოდში გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგალითად, 2017 წელს 2016 წლის 23 დეკემბრის N24 საკრებულოს დადგენილებით გამოყოფილია 108 200 ლარი, რაც 2013 წელს გამოყოფილ თანხასთან შედარებით 3-ჯერ (34 000 ლარი), ხოლო 2014 წელთან შედარებით 2-ჯერ (56 300 ლარი) მეტია.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობირივ თვითმმართველობის მხრიდან რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად თანხა არ გამოყოფილა.

2013 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი განკარგვის წესით აუქციონის გარეშე უსასყიდლო აღნაგობის უფლებითსარგებლობაში მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული 2944 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

2014 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას უსასყიდლო უზუფრუქტით ზესტაფონში, ფიროსმანის ქუჩა N2-ში მდებარე შენობა/ნაგებობების ½, მასზედ დამაგრებული მიწის ნაკვეთით 627 კვ.მ.

2014 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი განკარგვის წესით აუქციონის გარეშე უსასყიდლო აღნაგობის უფლებითსარგებლობაში მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ზესტაფონში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული საერთო ფართობით 794 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

2014 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცა ქ. ზესტაფონში კეკელიძისა და მელქაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1702 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სამტრედია

2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხონი-სამტრედიის ეპარქიას სუბსიდიის სახით 926 000 ლარი გადაურიცხა.

მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვისათვის 2013 წლიდან 2017 წლის 20 მარტამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადარიცხულია თითქმის 1 000 000 ლარამდე თანხა.

საკვლევ პერიოდში სამტრედიის გამგეობას არ დაუფინანსებია რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა, ასევე რელიგიური ორგანიზაცისთვის ქონება არ გადაუცია.

ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაჯამებული სახით არ წარმოუდგენია ინფორმაცია რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული ფულადი დახმარების მოცულობების შესახებ, შესაბამისად წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება კორესპონდენციას მუნიციპალიტეტსა და ეპარქიას შორის, რომლის ასლები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიაწოდა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით დგინდება, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა 2017 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს 20 000 ლარის გამოყოფის შესახებ მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტები სრულყოფილად არ არის მოწოდებული, ვერ ვადგენთ დაკმაყოფილდა თუ არა აღნიშნული მოთხოვნა.

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის საიუბილეო 20 წლითავისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის 4000 ლარი გადაირიცხა.

2015 წელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით 99 წლის ვადით, ეკლესიის მშენებლობითვის გადაეცა სოფელ წითელხევში არსებული 1165 კვ.მ. არასასაოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი .

2016 წელს ვანისა და ბაღდათის ეპარქიას უზუფრუქტის უფლებით გადაეცა სოფელ ვარციხეში არსებული 7 ჰა. მიწის ნაკვეთი უზუფრუქტის ფორმით არსებობის ვადით.

2016 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა გოთიეთის მამათა მონასტერს უსასყიდლოდ სარგებლობაში  ორი წლის ვადით ავტომანქანა “გრანდ ჩეროკი” გადასცა.

ქუთაისი

 ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ 2013-2017 წლის 20 მარტის ჩათვლით, ქუთაის-გაენათის ეპარქია 366 200 ლარის ოდენობით დაფინანასდა.

მერიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მხოლოდ 2013-2014 წლების კორესპონდენცია მიაწოდა და მიუთითა, რომ 2015 წლიდან მუნიციპალიტეტი გადავიდა ელექტრონულ ხაზინაზე და გადახდების განხორციელებისათვის წერილების გამოგზავნის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, 2015 წლიდან 2017 წლის 20 მარტის პერიოდის შესახებ ორგანიზაცია არ ფლობს კორესპონდენციას და ვერ ამოწმებს, რა საფუძვლებს უთითებდნენ რელიგიური ორგზანიაციები დაფინანსების მისაღებად.

იმ პერიოდის ფარგლებში, რა პერიოდზეც ორგანიზაციას მოეპოვება კორესპონდენცია, დგინდება, რომ 2013-2014 წლებში, მერია ყოველთვე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის სიონის (ბაგრატის) ტაძრის დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა. ამ პერიოდის შემდგომი კორესპონდენცია ორგანიზაციას არ აქვს, შესაბამისად, ვერ ვადგენთ ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის დარიცხული თანხების მიზნობრიობას.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით რელიგიური დღესასწაულების დასაფინანსებლად თანხა არ გამოყოფილა.

რაც შეეხება გადაცემულ ქონებას, 2013 წლის 9 იანვრიდან 2014 წლის 24 აპრილის ჩათვლით, ქუთაისის მერიამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართმადიდებლურ ეკლესიას უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა მიწის ნაკვეთები:

  • ასათიანის ქ #119-ის სამხრეთი ნაკვეთი (500.0 კვ.მ.);
  • თაბუკაშვილის ქ #205 სახლის წინ 638.0 კვ.მ.;
  • ახალგაზრდობის გამზ მე 7 შეს #4 ის დასავლეთით 489.0 კვ.მ.;
  • ლომთათიძის ქ #2 ის ჩრდილოეთი 809.0 კვ.მ.;
  • ლეჟავას ქ #6 ის ჩრდილოეთით 1595.0 კვ.მ;
  • ჯავახიშვილის ქ #83 ის სამხრეთით 426.0 კვ.მ.;
  • ზ.ჭავჭავაძის ქუჩის #2ა 524.16 კვ.მ.;
  • ხარებავას ქ #19 ბ-ს სამხრეთით 1234.0კვ.მ.;
  • კ.გამსახურდიას ქ #65ა-ს ჩრდილოეთით 654.0 კვ.მ.;
  • 2014 წელს ახალგზარდობის გამზ.მე 7 შეს.#2 ის ჩრდილოეთით 3066.0 კვ.მ.;
  • ხარებავას ქ #19 ბ-ს დასავლეთით 256.0კვ.მ.;
  • ხარებავას ქ #19 ბ-ს სამხრეთით 275.0 კვ.მ.;
  • ავტოქარხნის #23 სამხრეთ-დასავლეთით 827.0 კვ.მ.;
  • აღმაშენებლის გამზირისა და თავისუფლების ქუჩის გადაკვეთის აღმოსავლეთ ნაკვეთი #1 - 361 კვ.მ.

 2015 წლიდან ამ დრომდე ქუთაისის მერიას რელიგიური ორგანიზაციისთის ქონება არ გადაუცია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისი გახლავთ ერთადერთი იმერეთის მუნიციპალიტერებიდან, რომელმაც ეპარქიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მიწის გადაცემასთან დაკავშირებით. ადგილობრივი ეპარქია ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემას მომლოცველთა ცენტრის ასაშენებლად ითხოვდა, რაზეც მერიამ უარი იმით დაასაბუთა, რომ აღნიშნული ტერიტორია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იყო.

ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოგზავილი დოკუმენტებით დგინდება, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტამდე საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიითვის 305 000 ლარია გადარიცხული.

 რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად მოთხოვნილ პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თანხები არ დახარჯულა.

2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიას გადაეცა შემდეგი ქონება:

  • 2013 წლის 26 თებერვლას N87 ბრძანებით გადაეცა 1019,65 კვ.მეტრი ფართი, მდებარე ტოლსტოის ქუჩა N1-ში.
  • 2014 წლის 26 ივნისს საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიას გადაეცა სოფელ მორევში არსებული 55.1 კვ.მეტრი ფართი.

სრულად 

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერიამ ეკლესიას 37 ობიექტი გადასცა 

ავტორი: ნიუპრესი