|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 150-მდე კერძო სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში აღმოჩნდა

ქუთაისის ტერიტორიაზე განთავსებული 150-მდე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. თუმცა მათ მეპატრონეთა დიდ უმრავლესობას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ის შენობა, სადაც ამჟამად  „ახალი გაზეთის“ ოფისია განთავსებული (ქუთაისი, კოსტავას ქ. #39-ში მდებარე კერძო სახლი). იგი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და არქიტექტურულად მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.

ძეგლებს წარმოადგენდა რამოდენიმე  სხვა შენობაც, რომლებიც გასულ წლებში დაანგრიეს მეპატრონეებმა არაინფორმირებულობის თუ სხვა მიზეზების გამო. ამიტომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომელიც კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განმახორციელებელი ერთ-ერთი ორგანოა, აიღო ვალდებულება, რომ მოსახლეობას აცნობოს მათი საკუთრების სტატუსის შესახებ.

ერთი თვის მანძილზე მოხდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების დათვალიერება და მესაკუთრისთვის ინფორმაციის მიწოდება, იმ ვალდებულებების გაცნობა, რაც მათ სახელმწიფოსთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ გააჩნიათ.

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ძეგლებს  უპატრონოს, შეისწავლოს და რეაბილიტაცია მოახდინოს, თუმცა მეპატრონესაც აქვს მოვალეობანი, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მათ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

საჯარიმო სანქციებმა საკმაოდ შეაშფოთა რიგი მესაკუთრეები.

 „მაგალითად, ის შენობა სადაც ახლა „სახალხო დამცველის“ ოფისია განთავსებული ასევე ძეგლს წარმოადგენს. როდესაც მათ ამის შესახებ ეცნობათ, ძალიან შეშფოთდნენ. არაერთხელ დარეკეს მერიაში, იმის გასარკვევად, რომ მათი მხრიდან უკვე რაიმე დარღვევებს  და სახლის არქიტექტურაში ზედმეტ ჩარევებს ხომ არ ჰქონდა ადგილი“, - ამბობს ქალაქის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვიკა ჩოგოვაძე.

მისი თქმით ყველა მესაკუთრე ერთნაირი სიხარულით არ შეხვედრია  მათი სახლის ძეგლად აღიარების ფაქტს. ვიკა ჩოგოვაძე კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა მეპატრონეებს აცნობეს სახლის ძეგლის სტატუსის შესახებ, რასაც ისინი არაერთგვაროვნად შეხვდნენ. "აღმოჩნდა რომ სახლი საზიარო იყო. რადგან შენობა ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული, ინვესტორი დაინტერესებულა ამ სახლით და შეუთავაზებია  სახლის გაყიდვა. ერთ მესაკუთრეს  სრულიად აწყობდა სახლის გაყიდვა, მეორეს კი არ სურდა და ძალიან განიცდიდა  მამა-პაპის სახლის დანგრევის შესაძლებლობას. როდესაც ეცნობა რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იყო, ძალიან გაუხარდა და შამპანურიც გახსნა სახლის „გადარჩენის“ აღსანიშნავად“, - ამბობს ვიკა ჩოგოვაძე.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა