|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი მელაშვილი - გოჩა თევდორაძე ცდილობს ფრაქციის დაშლა მე გადმომაბრალოს და "დაჩაგრულის იმიჯი" შეიქმნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩველი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ბრალდებას, newpress.ge–სთან საუბარში ეხმაურება.

მელაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, დავით თარხან მოურავის, ირმა ინაშვილის და გოჩა თევდორაძის განცხადებები, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებზე მის დავალებით განხორციელებული ზეწოლის თაობაზე მტკნარი ტყუილია.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქუთაისის საკრებულოს არც ერთ წევრს არ შევხვედრივარ, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა. მეტიც, მე მათ საერთოდ არ ვიცნობ!

არც დევიდ კოპერფილდი ვარ და არც ვოლფ მესინგი, რომ დისტანციაზე ტელეპატიური მეთოდებით მოვახდინო ზემოქმედება ადამიანებზე და "ვაიძულო" ისინი მიიღონ ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - აცხადებს მელაშვილი.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის შეფასებით, "პატრიოტთა ალიანსი" იბრძვის შეინარჩუნოს ძალაუფლება. რადგან, მელაშვილის თქმით, ამ დრომდე არსებული ბერკეტების  დაკარგვის საფრთხე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, შოთა მურღულიას დანიშვნის შემდეგ იგრძნეს.

"მურღულია დღეს ქუთაისის მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს, რომელზე საჯარო შეტევა დღეს თევდორაძისთვის წამგებიანია, ამიტომაც ცდილობს ფრაქციის დაშლა თბილისში მე გადმომაბრალოს. ამით "დაჩაგრულის" იმიჯი შეიქმნს", - განმარტავს მელაშვილი.

ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიანი ფრაქცია "პატრიოტთა ალინსი" ხუთმა დეპუტატმა 4 დეკემბერს დატობა.

"პატრიოტთა ალიანსში"გაკეთებული განცხადებით, პარტიის წევრებზე მელაშვილისა და უშიშროების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. რასაც თავად, პარტიიდან წასული დეპუტატები უარყოფენ და აცხადებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსში" მათ იდეების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია