|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლო თამაშებში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელიც ჩაერთო (Photo)

ქუთაისში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები 14 საათიდან დაიწყო კინოთეატრ „მონ პლაზირის“ ტერიტორიაზე. აღნიშნულ სივრცეში საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც სხვადახვა ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა საკუთარი საახალწლო პროდუქცია წარმოადგინეს.

ბაზრობაში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.

„რადგან სულ რაღაც სამი თვეა, რაც "ჩაის სახლი" გაიხსნა ქუთაისში, ამიტომ  პირველად ვიღებთ საახალწლო  ღონისძიებაში მონაწილეობას. საიტზე გვქონდა გამოცხადებული კონკურსი „მიწერე წერილი  სანტას“ და დღეს ჩვენი პროდუქციით დავაჯილდოებთ გამარჯვებულს“, – აღნიშნა "ჩაის სახლის" მენეჯერმა ნატალი პატარიძემ.

საახალწლო ბაზრობაში პირველად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს "SOS ბავშვთა სოფლის" წარმომადგენლები. მათ საკუთარი ხელით დამზადებული ორიგამის ნაკეთობები გამოიტანეს გასაყიდად.

„გვინდა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ თუ რა ხდება „ბავშვთა სოფელში“. ორიგამის ხელოვნება რომელიც დაინერგა 2011 წელს მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება. ბავშვებმა მათი შრომის შედეგი ანხეს, ნაკეტობების გაყიდვაც მოახერხეს და დაინახეს რომ ოცნებების რეალიზება ხდება და შრომას აზრი და ფასი აქვს“, –  აღნიშნა "ბავშვთა სოფლის" პედაგოგმა ხათუნა გოგიძემ.

საახალწლო ბაზრობაზე თოვლის ბაბუა და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ერთდროულად მოვიდნენ. შოთა მურღულიამ, რომელიც ოჯახთან ერთად ესწრებოდა საახალწლო ღონისძიებებს,  დაათვალიერა ბაზრობა და მონაწილეობაც მიიღო "ბერიკების თეატრის" მიერ წარმოდგენილ ხალხურ თამაშში „თოკგაწევა“. უნდა ითქვას რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი ფრიად "ძალოსანი" აღმოჩნდა და თამაშში გამარჯვებულიც გამოვიდა. 

საახალწლო ბაზრობა 18 საათამდე გაგრძელდება და დასრულდება კონცერტით, რომელციც ქალაქის ცენტრში გაიმართება.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 1 –4 იანვრის ჩათვლით გაიმართება.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი