|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილი - არის საკითხები, რომლებზეც რუსეთი და საქართველო ვერ შეთანხმდებიან

საქართველო დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
მისივე თქმით, ეს პრობლემა სწრაფად არ მოგვარდება, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. 
"მშვიდობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ეს საკითხი სწრაფად მოგვარდება, უბრალოდ არ ესმის პრობლემა. არ არსებობს ამ პრობლემის სწრაფი მოგვარების გზა, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდება აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ამ მხრივ, დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მათ შორის თურქეთის ხელისუფლების. საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მისცეს ევროპაში ინტეგრირების ყველანაირი შესაძლებლობა, იქნება ეს ბიზნესის განვითარება თუ ვიზის ლიბერალიზაცია. ასე რომ, ვფიქრობ, უდიდეს გზავნილს ვუგზავნით სოხუმში, ცხინვალში მცხოვრებლებს, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ გაერთიანებული საქართველოა ერთობლივი ძალისხმევით აშენებული", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც რუსეთი და საქართველო ვერ შეთანხმდებიან. მისივე თქმით, საქართველო არასოდეს დათანხმდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. 
"ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკურად რთული, მაგრამ სწორი პოზიცია და ვთქვით, რომ ვიცით, გვაქვს საკითხები, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით. საქართველო არასოდეს დათანხმდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ვიცით, რომ ეს რუსეთისთვისაც რთული საკითხია. მაგრამ, ამავდროულად ვიცით, რომ არსებობს მიმართულებები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. პირველ რიგში, ეს ვაჭრობის სფეროა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ გააძლიერა რუსეთთან სავაჭრო სფეროში დიალოგი და ტრადიციული ქართული პროდუქტები რუსეთის ბაზარზე დაბრუნდნენ, რაც სარგებლის მომტანია ორივე მხარისთვის. მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია, კულტურული ურთიერთობები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა ისევე, როგორც ქართველ და რუს ხალხს შორის პერსონალური ურთიერთობები. 
"ჩვენ შევამცირებთ არსებულ დაძაბულობას და შემდეგ დავიწყებთ ყველაზე რთულ საკითხზე საუბარს. ჩვენი ყველაზე რთული შეკითხვა იქნება: რატომ აქვს უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო რესურსების მქონე, ზესახელმწიფო რუსეთს ისეთი პატარა მეზობლის ტერიტორიები ოკუპირებული, როგორიც საქართველოა და რა არის ამ ვითარების გადაჭრის გზები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსთის ქმედებებზე უკრაინაში. მისივე თქმით, რუსეთი მალე მიხვდება, თუ რამდენად სახიფათოა საკუთარ საზღვრებთან არაკონტროლირებადი, პატარა ტერიტორიების ყოლა. 
თურქეთის საზოგადოებივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველო-თურქეთისა და ქვეყნის ეკონომიკურ, ასევე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა