"ინდუსტრიული ქუთაისი" -საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
"ინდუსტრიული ქუთაისი" ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის განცხადებით, 1939-40 წლის "ინდუსტრიული ქუთაისი" წიგნად ბიბლიოგრაფიის განყოფილებამ ააწყო. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ამავე გაზეთის მომდევნო წლების გამოცემების წიგნად აწყობაზე.
ჟურნალისტისა და ბიბლიოგრაფის ნანული ცხვედიანის განმარტებით, წიგნი განკუთვნილია ქუთაისის უახლესი წარსულის მკვლევარების, ასევე დაინტერესებული მკითხველისათვის: "ეს არის გაზეთ "ქუთაისის" წინამორბედი გაზეთის ბიბლიოგრაფია. ეს წიგნი გამოადგებთ მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქუთაისის უახლოესი პერიოდის წარსულით, კულტურით თუ სხვა მიმართულებების შესწავლით"-განაცხადა ჟურნალისტებთან ნანული ცხვედიანმა.
წიგნის პრეზენტაციას გაზეთ "ქუთაისის" ბოლო თაობის წარმომადგენლები, ასევე ქუთაისის თვითმმართველობის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.
გაზეთი "ინდუსტრიული ქუთაისის" სახელწოდებით გამოდიოდა 1938 წლიდან 1952 წლამდე გამოდიოდა, შემდეგ მას "სტალინელის' სახელი ეწოდა, 1961 წლიდან კი "ქუთაისის" სახელს ატარებდა. გაზეთი "ქუთაისი" 10 წელია აღარ გამოდის.
ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის I ტომის ,,ინდუსტრიული ქუთაისის“ (1939-1940 წწ.) გამოცემა ქუთაისის თვითმმართველობამ დააფინანსა.
ავტორი: ირინა მაკარიძე