|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 2019 წელს ქუთაისში განხორციელდება

რუსთაველის ქუჩა, ხიდი, სამხატვრო გალერეა, ბულვარი, ესაა ძირითადი პროექტები, რომლის განხორციელება ქუთაისში მომავალ წელს იგეგმება.  კიდევ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მომავალ წელს ქუთაისის მერია, ამით "ნიუპრესი" დაინტერესდა. 

როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2019 წლის დასაწყისში რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია მოხდება, ასევე დაგეგმილია რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, რაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 600 000 ლარით დაფინანსდება.  ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღნიშნული ფონდიდან მომავალ წელს ქუთაისში დაფინანსდება. იგეგმება სულხან-საბას გამზირის რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, მოეწყობა ტაბიძის ქუჩა თავის ჩიხებით,  ასევე ლორთქიფანიძის და კიდევ რამდენიმე  ქუჩა.  

 მომავალ წელს მოხდება ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაცია, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება, ამავე ფონდიდან იგეგმება რიონის სანაპიროს რეაბილიტაცია, თუმცა ამ ეტაპზე ფონდი ჯერ პროექტის შეძენას მოახდენს, სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2020 წლისათვის დაიწყება. ამ სამუშაოების თანხა ქალაქის ბიუჯეტში არ აისახება.

 მომავალ წელს მოხდება ასევე ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 მნლ 200 ლარი დაიხარჯება.

 დავით ნიშნიანიძის თქმით, მომავალ წელს ქუთაისში კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ტრენაჟორების მოწყობის პროექტი, რისათვის თანხა 2 მლნ-მდე გაიზარდა. 

ჯამში, ქალაქის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 25 მილიონამდე თანხის მობილიზება იგეგმება.  "ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9 მლნ-ზე ლარზე მეტი თანხა, თუმცა დამატებით ველოდებით 16 მლნ ლარის გამოყოფას წლის განმავლობაში, იანვარში ველოდებით აღნიშნული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის, 11 მილიონის პირველ ეტპზე გამოყოფას", -განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 55 მილიონამდე ლარით განისაზღვრა, მერიაში აღნიშნული თანხის 70 მილიონამდე ზრდას ელოდებიან. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა